აკრედიტაციის პროცესი არ არის დაკავშირებული ისეთ თანხებთან, რომ ეს ფაქტორი კლინიკისთვის პრობლემა იყოს. ამის შესახებ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე აცხადებს.

ასოციაცია საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში ამერიკის აკრედიტაციის კომისიასთან (AACI) თანამშრომლობს.

მორჩილაძის თქმით, ორგანიზაცია ახორციელებს 50 კლინიკის აკრედიტაციას. ჰყავს ქართველი აუდიტები, პროცესის დაჩქარებისთვის კი ხდება აუდიტების მობილიზებას ევროპიდან, თურქეთიდან და აზიიდან, რათა 2025 წლამდე ყველა კლინიკას ჰქონდეს აკრედიტაციის მიღების შანსი.

მორჩილაძის თქმით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ხისტმა პოლიტიკამ, ხარვეზების მიუხედავად, შედეგი მაინც გამოიღო და ახლა კლინიკებს მხოლოდ მმართველობითი სისტემის გაუმჯობესება სჭირდებათ.

იმის შესახებ, რომ აკრედიტაციის გავლა პრობლემა არ იქნება კლინიკებისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც საუბრობს. მისი თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ კლინიკების უმრავლესობა წარმატებით გაივლის ამ პროცესს.

„აკრედიტაციის პროცესი არის არა ერთჯერადი, არამედ განგრძობითი პროცესი. ის კლინიკები, რომლებიც უკვე დღეს ფლობენ აკრედიტაციას, ამ სტატუსის გადამოწმებას ექვემდებარებიან გარკვეული პერიოდულობით. ჩემი მოლოდინია, რომ უმრავლესობამ უნდა გადალახოს ეს სტანდარტი,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულება კლინიკებს 2025 წლიდან აქვთ, გასული წლის ბოლომდე კი მათ ჯანდაცვის სამინისტროსთვის უნდა წარედგინათ მააკრედიტებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რითიც დაადასტურებდნენ აკრედიტაციის პროცესის დაწყებას. საერთაშორისო აკრედიტაცია მკურნალობის, პაციენტის მოვლის, მასთან კომუნიკაციის სხვა მსოფლიო სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობს.

აკრედიტაცია საქართველოში მოქმედ არაერთ სამედიცინო დაწესებულებას უკვე მიენიჭა.