აღსრულების ეროვნული ბიურო ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც მესაკუთრეებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებს გაუმარტივებს და სასამართლო პროცესს აარიდებს.
იდეა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს აღსრულების ეროვნულ ბიუროში სასყიდლიანი ხელშეკრულების, მათ შორის იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაციის შესაძლებლობას მისცემს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნათია ბიძინაშვილმა განუცხადა, ინიციატივა, რომელმაც სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების და მათ შორის, უძრავი ქონების მესაკუთრეთა უფლებები უნდა დაიცვას, უკვე მზად არის და მისი საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე, ბოლო დეტალები ზუსტდება.
ნათია ბიძინაშვილის განმარტებით, ახალი ინიციატივის თანახმად, მხარეებს შორის გაფორმებული იჯარის და ქირავნობის ხელშეკრულება, მათ უწყებაში დარეგისტრირდება, რაც მესაკუთრეს საშუალებას მისცემს, დამქირავებლის მიერ პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს აღსრულების ბიუროს და მისგან დაჩქარებული წესით მიიღოს აღსრულების ფურცელი. ეს ნიშნავს, რომ მხარეები წინასწარ თანხმდებიან იმაზე, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მესაკუთრეს დაჩქარებული წესით აღსრულება შეეძლება.
აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიმართვით ის დაზოგავს, როგორც დროს, ისე ფინანსებს. აღნიშნული ინიციატივა იქნება ერთგვარი პრევენციაც, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე გარკვეულწილად დაცული იყოს ფინანსური რისკებისგან.