„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლებას თხოვნით, რომ მიეღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მესაკუთრეთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფდა“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის იურისტმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალ ინიციატივაზე კომენტირებისას ისაუბრა. საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც მესაკუთრეების უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებში სახელშეკრულებო რისკებისგან დაცვას გულისხმობს. კაჭკაჭიშვილის თქმით საპოლიციო გამოსახლების გაუქმებამ გარკვეული პრობლემები წარმოქმნა.

„მართალია იმ წესსაც ჰქონდა უამრავი ხარვეზი, თუმცა ეს არ  ნიშნავს იმას, რომ ეს იყო სრულად გასაუქმებელი, რადგან დღეს  ჩვენ ქვეყანაში მესაკუთრეები აბსოლუტურად დაუცველი არიან.

კანონის მიღების შემთხვევაში, შეიქმნება რეესტრი, სადაც მესაკუთრეებს ხელშეკრულების დარეგისტრირების საშუალება მიეცემათ და შესაბამისად ბინის გაქირავების შემთხვევაში დაცულები იქნებიან და იმ შემთხვევაში თუ დამქირავებელი არ გადაიხდის თანხას და არც საკუთრებას არ დაცლის, აღსრულებას სასამართლოს გარეშე ექნება უფლება, რომ დათქმულ ვადაში ბინა გაათავისუფლოს“, - აღნიშნა ოთარ კაჭკაჭიშვილმა.

კაჭკაჭიშვილის თქმით, გარკვეულ კრიტიკას იწვევს ის ფაქტი, რომ დღეს აღსრულების ბიუროში ძალიან ბევრი საქმეა და მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სასამართლოს ყველა ინსტანცია გავლილი აქვს, აღსრულება მაინც ვერ ხდება.

„ამიტომ ჩნდება კითხვა აქვს თუ არა სააღსრულებო ბიუროს იმის რესურსი, რომ დაგროვილი საქმეების ფონზე, მაშინ როდესაც კანონის მიღების შემთხვევაში სხვა საქმეებიც დაემატება, შეძლოს აღსრულება? ზოგადად პროცესებში  დინამიკა შეცვალა კანონის გაუქმებამ  და ბინაში შესული ადამიანები უფრო თამამები არიან, ისინი აცხადებენ, რომ არ აქვთ წასასვლელი და არც გადახდა შეუძლიათ და ეუბნებიან მეპატრონეს, რომ სასამართლოში უჩივლონ, რადგან იციან, რომ სასამართლოში პროცესი შესაძლოა სამ წლამდე გაგრძელდეს.

კარგი ის არის, რომ ბინის გამქირავებლები აღარ მიაქირავებენ ბინას ისეთ პირს,რომელიც მასთან ხელშეკრულების დადებაზე უარს იტყვის, რადგან ეს ავტომატურად იქნება სიგნალი, რომ დამქირავებელი თანხის გადახდას არ აპირებს. მეორე საკითხი  რაც რეგისტრაციას ეხება არის ის, რომ ბინის გამქირავებლები გარკვეულ გადასახადს გადაიხდიან, მოხდება ხელშეკრულების დეკლარირება და სახელმწიფო გარკვეულ გადასახადს მიიღებს, რაც სახელმწიფოებრივ ჭრილში პოზიტიურია.“ - აღნიშნა ოთარ კაჭკაჭიშვილმა

კაჭკაჭიშვილის განმარტებით აღნიშნულ კანონპროექტში ქონების გაყიდვის შემდეგ საპოლიციო გამოსახლება გათვალისწინებული არ არის, რაც მისივე თქმით სასურველია, რომ დაემატოს, რადგან არის  შემთხვევები, როდესაც მეპატრონე ყიდის ბინას, თუმცა ის მაინც რჩება ბინაში და აგრძელებს ცხოვრებას.