ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იმყოფებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაუდასტურა. მისი თქმით, იმ დროს, როცა თავად შინ არ იმყოფებოდა, მის სახლთან 15-20 ადამიანი იმყოფებოდა ნიღბებით და ეკიპირებით. ბერძენიშვილის თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ მას მისმა ოჯახის წევრებმა მიაწოდეს რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ბერძენიშვილი ამბობს, რომ პოლიციის გამოძახების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

ლევან ბერძენიშვილი არ გამორიცხავს რომ ნიღბიანი პირების მიზანი ფიზიკური ანგარიშსწორება ყოფილიყო და აცხადებს, რომ ამგვარი „ოპერაციების“ უკან სახელმწიფო დგას:

„აქ ყოფილა დაახლოებით 15-20 ადამიანი, ფიზიკურად კარგად მომზადებული, შესაბამისი ნიღბებით და ეკიპირებით. მე თვითონ არ მინახავს, რადგან გზაში ვიყავი. მე გამაფრთხილეს. მათ შესანიშნავად იციან ჩემი გადაადგილების გრაფიკი. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, ხან შემთხვევით მოქალაქე შემხვდება და რაღაცას მეტყვის და ხან რა. მე თვითონ არ ვიცი, როდის სად მივდივარ და მათ იციან უკეთ. ამჟამად მოვდიოდი კავკასიის უნივერსიტეტიდან. როდესაც დავამთავრე ლექციები, დამირეკეს ოჯახიდან და გამაფრთხილეს, რომ აქ არიან აგრესიულად განწყობილი პირები.

არაფერი უთქვამთ, იღიმებოდნენ, მაგრამ ეტყობოდათ, კუნთებზე იყურებოდნენ. როდესაც გამოძახებული იქნა პატრული, რატომღაც ეს ხალხი გაქრა. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, როგორც ამბობენ. ეს არის ბოლო დროს აგორებული, რომ თითქოს მე ხევსურებს რაღაც შეურაცხყოფა მივაყენე 2013 წელს. როგორ უნდა მიმეყენებინა შეურაცხყოფა, თუ ვინმეს ალუდა ქეთელაური წაკითხული აქვს, მან ნახა სიზმარი, რომ აჭმევდნენ კაცის ხორცს, ამაზე იყო საუბარი. მათ უნდათ შურისძიება ჩემზე იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ თვალში არ მოვუდივარ, ალბათ, ფიზიკური ანგარიშსწორება იყო მათი ამოცანა. რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს დაგეგმილი ოპერაციები,“- ამბობს ბერძენიშვილი ტელეკომპანია „ფორმულასთან“.