თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები, თითქოს თავისუფლება ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა. ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, რწმენა, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრება, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პატრიარქმა სიტყვით გამოსვლისას მომავალ თაობას მიმართა. შიო მესამის თქმით, ისინი არიან საქართველოს იმედი და სიმტკიცე.

„როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ ხმობილნი, თქვენ ხართ საქართველოს იმედი და სიმტკიცე. ამიტომ მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი. თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები თავისუფლებაზე. ადამიანს შთააგონებენ, თითქოს თავისუფლება მხოლოდ ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა. სინამდვილეში, ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა. ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებების და ვნებების, ვალდებულებაა, აკეთო ის, რაც მართებულია და ღვთისთვის სათნოა. სწორედ ამ ღირებულებების გააზრებით აღზრდილი თაობა შეძლებს, შეინარჩუნოს ქვეყნის ერთიანობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ, არამედ ყოველდღიურად ვიშრომოთ და ვიზრუნოთ მისი განმტკიცებისთვის. დაე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაფუძნებული იყოს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულზე, სამართლიანობაზე და მშვიდობაზე, ერთობასა და შემწყნარებლობაზე, მოყვასისა და საკაცობრიო სიკეთის მსახურებაზე, რადგან ძლიერი სახელმწიფო შენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში სუფევს ეს სათნოებები და ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნების და სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება“, – განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ.

1tv.ge