ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მომხდარი ინციდენტის  შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში ერთ-ერთი მოლაშქრე ნანუკა ავალიანი წერს. მისი თქმით, მესაზღვემ, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო მათი ბანაკის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. ნანუკა ავალიანი აღნიშნულ ტერიტორიაზე სალაშქრო-სამოგზაურო კომპანია „ჯეომეგზურთან“ ერთად იმყოფებოდა. აღნიშნულ ინციდენტს  ადასტურებს, კომპანია „ჯეომეგზურის“ გიდიც. მოლაშქრეები შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„კომერსანტი“ მოლაშქრეების პოსტებს უცვლელად გთავაზობთ.

„2012 წლიდან ლაშქრობებზე დავდივარ და ასეთი შემთხვევა პირველად და იმედი მაქვს უკანასკნელად შემემთხვა მე და არამარტო მე, სხვა ტურისტებსაც !!!  27-28 მაისს ვიყავით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებზე 13 ადამიანი, სასაზღვრო ზონაში მესაზღვრეთა პოსტი გავიარეთ, გადავიხადეთ მოსაკრებელი ,მივედით ბანაკამდე, გვგონია რომ დაცულ ტერიტორიაზე ვართ სადაც რეინჯერების გარდა მესაზღვრეები არიან და ნუ მოკლედ მაქსიმალურად დაცულად ვგრძნობდით თავს , მანამ სანამ არ დაღამდა... ამინდის გამო ცოტა ადრე მოგვიწია კარვებში შესვლა და ღამე 00:00-01:00 ზე გვაღვიძებს როგორც შემდეგ გავარკვიეთ მესაზღვრის ხმა , ჯერ თავიდან გვეგონა რომ ვიღაცამ დალია და თავისთვის ბოდიალობდა რაღაცას, მაგრამ არა! „ჯიგარ“ მესაზღვრეს  დაულევია და დაჭერილი ჰყავდა ბელარუსი და რუსი ტურისტი , რომელსაც აბულინგებდა, ხელბორკილი დაადო რომელზეც უთხრა უი გასაღები არ მქონიაო , შემდეგ დავარდნილი პომიდვრის აღება უბრძანა და შემდეგ იარაღი გადატენა და გაისროლა ჩვენი ბანაკის მიმართულებით , მეორედ გადატენა და იქვე დაიდო!!! კარვებს შორის გაიარა ტყვიამ!!! ხალხო ტყვიამ გაიარა ჩვენს კარვებს შორის !!!!! არ დაგვავიწყდეს ის რომ  მეორე მხარეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც მოძრაობენ !!! ხალხო შოკში ვარ! ყველა ფილმი რომელიც მინახავს ბანაკში ატეხილ სროლებზე ახლაც კი თვალწინ მაქვს ....

ნამდვილად არ მაინტერესებს ვის რამდენი შვილი ჰყავს შესანახი და ვის როგორი ოჯახები ჰყავს სარჩენი!!!

ჩვენც გვყავს ოჯახები , ჩვენც გვყავს შვილები და ის ტყვია რომელიმე ჩვენთაგანს რომ მოხვედროდა, გამეცით პასუხი ვინ გასცემდა პასუხს ჩვენს ოჯახს? თუ ამ მესაზღვრის დაჭერა იქნებოდა საკმარისი დედაჩემისთვის ?? ვიმეორებ სულ არ მაინტერესებს ტურისტები უჩივლებენ თუ არა ! დაცული ტერიტორია ნიშნავს დაცულ ტერიტორიას და სასწრაფოდ ვითხოვ რეაგირებას!!!“ - წერს  ნანუკა ავალიანი და რეაგირებისკენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მოუწოდებს.

როგორც კომპანია „ჯეომეგზურის“ გიდი ლევან ენუქიძე წერს, ადგილზე იმყოფებოდნენ რეინჯერებიც და სიტუაციის განმუხტვა სწორედ მათი ვალდებულებაა.

„აი ასეთი თავგადასავალი გვქონდა ვაშლოვანში.ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა,ყველამ იცით თუ როგორ მიყვარს ვაშლოვანი და ორმაგად სამწუხაროა ეს ფაქტი. ვერ ვხდები რისთვის იყვნენ იქ რეინჯერები,მათი ვალდებულებაც ხომ არის განემუხტათ სიტუაცია და არა იქ მყოფი მოქალაქეები შიშველი ხელებით შესკდომოდნენ მთვრალ, გადატენილი იარაღით ხელში მყოფ,შეურაცხად ადამიანს!!!! საქართველოს სასაზღვრო პოლიცია იმედია რეაგირება გექნებათ და მარტო სამსახურიდან კი არ გაუშვებთ,სამაგალითოდ დასჯით,რადგან ასეთ ფაქტებს მეორედ პრეტენდენტი არ ჰქონდეს.“ - წერს ლევან ენუქიძე.

„კომერსანტი“ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ საკითხს  სასაზღვრო პოლიცია იკვლევს და ამ ეტაპზე მეტი კომენტარის გაკეთება არ შეუძლიათ. „კომერსანტი“ კომენტარის მოპოვებას ცდილობს სასაზღვრო პოლიციიდანაც.