საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობა ექიმ, კახა ეცადაშვილის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მედიკოსთა გაერთიანება ჯანდაცვის სამინისტროს და შსს მიმართავს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მათი კოლეგა.
"30 ნოემბერს მიმდინარე აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ, სცემეს და დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი, რითმოლოგი კახა ეცადაშვილი. ჩვენი კოლეგა თავის მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდა აქციაზე და, როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, თავისუფლების აღკვეთისას საქართველოს ჰიმნს მღეროდა. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება გმობს ყოველგვარ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ! ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მივმართავთ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მინისტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავ ორგანოებს, გთხოვთ, უზრუნველყოთ ჩვენი კოლეგის სათანადო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა და კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ ჩვენი კოლეგა, რათა მან შეძლოს პროფესიული მოვალეობის შესრულება.
ასევე, კატეგორიულად ვემიჯნებით ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას და საქართველოს კონსტიტუციის 78 - ე მუხლის უგულებელყოფას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ევროსტრუქტურებში გაერთიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ - ერთი მთავარი პრიორიტეტი", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცოტა ხნის წინ ეცადაშვილის დაკავებაზე ექიმმა, გიორგი პაპიაშვილმაც, გაავრცელა ვიდეო მიმართვა, რომელშიც ამტკიცებს, რომ ეცადაშვილი არის ნაცემი და იზოლატორში იმყოფება.
შეგახსენებთ, მეორე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: იუსტიციის სახლისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ათეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა.
ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.