საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 7%-ით გაიზარდა.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში აღნიშნულ საკითხზე რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ ისაუბრა, რომელიც განმარტავს, რომ ფასების ზრდაზე გავლენას არაერთი პარამეტრი ახდენს.
„ცალსახად, ეს ერთი პარამეტრის ზემოქმედება არ არის და მოქმედებს ბევრი სხვადასხვა პარამეტრი. არასოდეს გვაქვს განცდა, რომ რაღაც შემცირდა. დენის ფასი იზრდება, წყლის ფასი იზრდება, გაზის, ნაგვის გატანის და ასე შემდეგ. ოდესმე გაგვიგია, რომ რამე შემცირდა? კომუნალურები, რაც ჩამოვთვალე, რომ იზრდება ზოგჯერ ერთნახევარჯერ, ზოგჯერ - ორჯერ, ეს ხომ ადგილობრივია, ეს ხომ არ ყოფილა იმპორტის ფასი, ევროს კურსზე დამოკიდებულება? ვინმემ ამ კომპანიების თანამშრომლებს გაუორმაგა ხელფასი, თუ რატომ ხდება ასე? მხოლოდ საკვები პროდუქტის ღირებულებას რომ შეისწავლიან ხოლმე, სხვა არაფერი ხდება? რატომ არ შეისწავლიან, მაგალითად, იუსტიციის სახლში მომსახურების გაძვირება - კომპანიის დარეგისტრირების ფასი ორჯერ რომ გაიზარდა, რა მოხდა, უცხოელების ბრალია, თუ კარტელურ შეთანხმებას ჰქონდა ადგილი ვიღაცებს შორის? გნებავთ, პასპორტის ღირებულება - რატომ გაიზარდა? რატომ იქ არ შედის სუს-ის კომისია და არ ცდილობს გაერკვეს ამ საკითხში? ეს არის მუდმივი, თანმდევი პრობლემა, რომ სტაბილურობის განცდა არ გვაქვს“, - აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.
მისივე თქმით, იყო პერიოდი, როცა რამდენიმე წელი რესტორნებს სტაბილური ფასები ჰქონდათ, მაგრამ პროდუქციის გაძვირებამ შესაბამისი შედეგი გამოიღო.
„10 ათასი რესტორანია და მათი კარტელური შეთანხმება გამორიცხულია, აქ უფრო მომწოდებლების მომენტია და ეს კიდევ ერთი პარამეტრია, რაც ფასებზე ახდენს გავლენას. ამასთან, როცა ტურისტი ჩამოდის და ხედავს ასეთ დაბალ კურსს, როცა 100 ევროდ შეუძლია რესტორანი თავზე დაიმხოს რამდენიმე ადამიანმა, უცხოეთში კი 100 ევროდ ვერაფერს გააკეთებ განსაკუთრებულს, შესაბამისად, ფულს ადვილად ხარჯავს და ესეც ზემოქმედებს.
რაღაც პერიოდი გვქონდა, რომ ფასები არ იზრდებოდა, იყო სტაბილურობის განცდა და დაახლოებით 2 წელი სტაბილური ფასები გვეჭირა, მაგრამ შემდეგ, როცა 1 კილო ყავა, რომელიც 80 ლარი ღირდა და უცბად 140 ლარი გახდა, ამ შემთხვევაში ცდილობ, არ იზარალო და ფასებს ზრდი“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.