„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის – ივანე ჩხაიძის განცხადებით, იაშვილის კლინიკაში ადგილების დეფიციტი გაჩნდა.
„ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით. ეს სწორედ ის არის, რაც ახასიათებს გრიპის ვირუსს. ბევრ ბავშვთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. ჰოსპიტალიზაცია გაზრდილია გრიპის შემთხვევების მატების ხარჯზე“ – განაცხადა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“
მისივე შეფასებით, ამ ფონზე, ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.
„სამწუხაროდ, ვაქცინაცია არასაკმარისია. 200 000 დოზა შემოვიდა ქვეყანაში, 130 000 გახარჯული დოზა ნამდვილად არ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ ვითარებას. მომდევნო 7-10 დღე იქნება შესაძლებლობა, დავასწროთ პიკს. გრიპის ვაქცინაცია მოქმედებას იწყებს 2 კვირის შემდეგ ამიტომ ახლა არს ბოლო შესაძლებლობა, დროულად გავიკეთოთ გრიპის ვაქცინა. განსაკუთრებით კი ეს ეხება რისკის ჯგუფს. 130 000 არ არის საკმარისი. გრიპი არ მიეკუთვნება უსაფრთხო ვირუსების კატეგორიას და ყოველწლიურად მსოფლიოში ფიქსირდება გრიპით გარდაცვალების 400 000-დან 650 000-მდე შემთხვევა“ – აღნიშნა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარში“.