გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ვასილ გედევანიშვილმა გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„საქართველოში გეოლოგის პროფესიული დღე 1965 წლიდან აღინიშნება. ქვეყანაში პირველი გეოლოგიური სამუშაოები 1841 წლით თარიღდება, ხოლო საველე გეოლოგიური კვლევები და პირველი ნაშრომები 1843 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ დარგი მუდმივად ვითარდება.
გეოლოგია გარემოს ეროვნულ სააგენტოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგობრივი მიმართულებაა. დღეისათვის, სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხორციელდება გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი-ქვათაცვენა) მონიტორინგი; ასევე, ბუნებრივი საფრთხეების ექსტრემალური გააქტიურების პირობებში, ტერიტორიის ოპერატიულად შეფასება, სტიქიური გეოლოგიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენა, გასატარებელი დამცავი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება, სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენა და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგი.
ბოლო პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე მონიტორინგის სისტემების ქსელის მოწყობის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს მეწყრულ უბნებზე თანამედროვე აპარატურის ინსტალაცია. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, გეოლოგიური საფრთხეებით დაზიანებული ასეულობით საკარმიდამო ნაკვეთის, საცხოვრებელი სახლების და ინფრასტრუქტურული ობიექტების შეფასება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დეპარტამენტის მიერ მოქალაქეებისგან მიღებული წერილების საფუძველზე შედგენილი იქნა 1622 ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, სადაც შეფასებულია 2385 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 4266 მოსახლის (კომლი) საკარმიდამო მიწის ნაკვეთის, საცხოვრებელი სახლის და მიმდებარე ტერიტორიის გეოდინამიკური მდგომარეობა და, გადაუდებელი ღონისძიებების გატარების მიზნით, შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები.
გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული გეოლოგიური კვლევების საფუძველზე, მომზადდა 1:200 000 მასშტაბის სახელმწიფო გეოლოგიური რუკები, ასევე, მინერალური რესურსებისა და ტექტონიკური რუკების კომპლექტი შესაბამისი გეოლოგიური ანგარიშით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სამიზნე არეალის ფარგლებში არსებული გეოლოგიური პირობების შესახებ.
2024 წელს ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის ქსელის 72 წყალპუნქტიდან ლაბორატორიული ანალიზებისთვის აღებული იქნა 394 სინჯი (142 - ქიმიური, 137 - მიკრობიოლოგიური, 100 - მძიმე მეტალების და 15 - ნავთობპროდუქტების ანალიზისთვის). ასევე, მიმდინარეობდა მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის ავტომატური სადგურებიდან მონაცემების მიღება-კონტროლი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.