12 ივნისს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელმაც ქვეყანაში კრემაციის მომსახურების საკითხები უნდა დაარეგულიროს. კანონპროექტის ინიციატორია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში. კანონის 140-ე მუხლს ემატება ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს „ნეშტის დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენციის გაცემას“.

მიუხედავად იმისა, რომ წლებია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჩამონათვალში, კრემაცია ეკონომიკური საქმიანობის სახედ არის შეტანილი და ეს საქმიანობები მოიცავს „გვამის მომზადებას დაკრძალვის ან კრემაციისათვის და დაკრძალვის ან კრემაციის მომსახურებას“ და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს მიცვალებულთა კრემაციას, ქვეყნაში ასეთი სერვისების მიღება შეუძლებელია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც მსგავსი ტიპის საქმიანობას დაარეგულირებს.

კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებამდე, UNDP-ის მხარდაჭერით, მომზადდა ვრცელი კვლევა საქართველოში კრემაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ. გამოკვლევის მიზანი იყო როგორც სერვისზე მოთხოვნის შესწავლა, ისე, ამ სერვისის არსებობის ხელისშემშლელი ფაქტორების, კრემაციის სერვისის დანერგვის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი და რაც მთავარია, არჩევანის უფლების შესახებ აქცენტების დასმა.

ხათუნა სამნიძე, კანონპროექტის ინიციატორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ არჩევანის უფლების გაჩენაა - თუკი ადამიანს სურს, რომ გარდაცვალების შემდეგ მის ნეშტს გაუკეთდეს კრემაცია, მას საკუთარ ქვეყანაში უნდა ჰქონდეს ამ სერვისის მიღების შესაძლებლობა და ამისათვის ოჯახის წევრებს ნეშტის სხვა ქვეყნებში გაგზავნა არ უნდა უწევდეთ, რაც გარდა ემოციური სირთულისა, დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

დედამ დაგვიბარა, რომ მას კრემაცია სურდა...

კრემაციის შესახებ ფიქრი ხათუნა სამნიძემ ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო. დედამისის სურვილი იყო, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი ნეშტისთვის კრემაცია გაეკეთებინათ. 2019 წელს, მაშინ, როდესაც ხათუნა სამნიძის დედა მძიმე სენით დაავადდა, შვილებს კიდევ ერთხელ სთხოვა, რომ გარდაცვალების შემთხვევაში, მისი სურვილი აუცილებლად შეესრულებინათ. ამ პირობით გაემგზავრა ის შვილთან, ამერიკაში:

მასალა ვრცლად ნახეთ radiotavisupleba.ge