ყველაზე ცნობილი ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის ნახატი „ქალი მარაოთი“ ლონდონში, 74 მილიონ ფუნტად (86 მილიონ ევროზე მეტი) გაიყიდა.
ეს ევროპისთვის ახალი რეკორდია, აქამდე ყველაზე ძვირად გაყიდული ხელოვნების ნიმუში ალბერტო ჯაკომეტის სკულპტურა იყო, რომელიც 2010 წელს 65 მილიონ ფუნტად (75 მილიონი ევრო) გაიყიდა.
კლიმტის (1862-1918) ამ ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარს სოთბის აუიქციონზე უწოდეს „არა მხოლოდ აუქციონის ზაფხულის სეზონის ვარსკვლავი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ძვირფასი ნამუშევარი, რომელიც ოდესმე ყოფილა გამოფენილი ევროპაში“.
აუქციონში გამარჯვებულის ვინაობა არ სახელდება. კლიმტის ტილოს ყიდვასთან დაკავშირებით მისი საერთო ხარჯები 85,3 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 99 მილიონი ევრო) იქნება.
გუსტავ კლიმტმა ამ ნახატზე მუშაობა 1917 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დაიწყო. მასზე გამოსახულია შავგვრემანი ქალი, რომლის ვინაობა უცნობია.