19 ნოემბერს, 15:00 საათზე, სასტუმროში „თბილისი მერიოტი“, „პრო ბონო“ ფორუმი 2024 - ბიზნესის ექსპერტიზა სოციალური მიზნების სამსახურში - იმართება. ფორუმის ფარგლებში, „საქართველოს პრო ბონო ქსელის" 2024 წლის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია ჩატარდება. ფორუმზე მოწვეულია 50-მდე მონაწილე, როგორც კერძო, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრები, სოციალური საწარმოები და სხვა დაინტერესებული პირები.
ფორუმის ფარგლებში, გაიმართება პანელური დისკუსია, ისაუბრებენ წარმატებულ „პრო ბონო“ მაგალითებზე და გამოვლინდებიან - წლის „პრო ბონო“ ლიდერი კომპანია და „პრო ბონო“ ჩემპიონი თანამშრომელი.
„პრო ბონო“ ფორუმის მიზანია კერძო და სამოქალაქო სექტორების, მათი იდეებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირება, რაც ხელს უწყობს გაერთიანებული რესურსებით ქვეყნის სოციალურ, საგანმანათლებლო და სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებზე მუშაობას. ფორუმი ტარდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
ევროკავშირის შესახებ: 30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri-sakartveloshi/
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) 29 წლის წინ დაარსდა და სხვადასხვა მიმართულებით, მრავალ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორის ერთ-ერთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა „საქართველოს პრო ბონო ქსელი“ და ხორციელდება მისი საქმიანობები.