ბათუმში მოქალაქეებმა ერთობის ჯაჭვი ბულვარის ზღვისპირა ბილიკზე სიმბოლურად მოაწყვეს. ამ ფორმით, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან.

ამასთან, აცხადებენ, რომ პროტესტის ამ ფორმით, დასავლეთმა ქართველი ხალხის ერთობა ევროპულ გზაზე უნდა ნახოს.

“მიუხედავად ცუდი ამინდისა ჩვენ აქ ვართ. არ ვეთანხმებით “რუსულ კანონს”, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები. მოლოდინი გვაქვს რომ “ქართულ ოცნებაში” უფრო მეტი დასანქცირდება. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის პატრონი, დასავლეთმა კი ბიძინას რუსული რეჟიმი დაასანქციროს. დიახ, ჩვენ დასავლეთის იმედი გვაქვს.

ამ პროცესებში მთავარი ფაქტორია სანქციები, ბიძინას რეჟიმს დასავლეთიდან არავინ შეხვდება და მუდამ გარიყული იქნება. ამ პროტესტს შეუძლია, ძალიან ბევრი გააკეთოს ქვეყნის საკეთილდღეოდ”,- აცხადებენ შეკრებილები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისშიც „ერთობის ჯაჭვი“ შეიკრა.

ქუთაისში “ერთობის ჯაჭვი” შეიკრა.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის და წითელი ხიდების მიმდებარედ შეიკრიბნენ და „ერთობის ჯაჭვში“ ჩაებნენ და ამ ფორმით, ერთთვიან უწყვეტ აქციას შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე უკანონოდ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ და ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.

„მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა, რომ საქართველოში გაერთიანება შეგვიძლია. დღეს სიმბოლურად ვიკრიბებით, რუსთაველის და წითელ ხიდებზე. ხიდი არის როგორც გამაერთიანებელი წარსულის და აწმყოსი და ჩვენც ამიტომ ხიდებთან მოვაწყვეთ „ერთობის ჯაჭვი“. ამ ფორმით გრძელდება უწყვეტი პროტესტი, უცვლელი მოთხოვნებით. იმედი მაქვს, რომ გაერთიანდება ქვეყანა ამ მოთხოვნების გარშემო, გათავისუფლდებიან დაკავებულები და დაინიშნება ახალი არჩევნები”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ახმეტაში, ისევე როგორც კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე „ერთობის ჯაჭვში“ ჩაებნენ.

მათ საქართველოს ჰიმნი გააჟღერეს და შეძახილებით მოიარეს ქუჩები.

აქციების დაწყებიდან ერთი თვის თავზე, პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე არ შეწყდება, სანამ აქციებზე უკანონოდ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ და ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.

წყარო: ინტერპრესნიუსი