"თავშესაფრებზე  დიდი ხანია, ვსაუბრობ. აქამდე არავინ ამახვილებდა ყურადღებას იმ პრობლემებზე, რომლებიც თავშესაფრებშია", – ამბობს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, რითაც ის ეხმაურება უფლებადამცველებისა და მოქალაქეების ნაწილის ბრალდებას

საქმე ისაა, რომ ომბუდსმენის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ. იოსელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ახსენა ლოკაცია, სადაც ტრეფიკინგის მსხვერპლი ადამიანების თავშესაფარია. ანუ, სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფის თავშესაფრის ადგილმდებარეობა გათქვა, რითაც, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების და ქალების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. უფლაბდამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ იოსელიანის განცხადება დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. მსხვერპლი ხალხის პოტენცური მოძალადეების პირისპირ დაუცველად დატოვების შემდეგ დღის წესრიგში იოსელიანის გადადგომის მოთხოვნა დადგა.

იოსელიანი აცხადებს, რომ თავშესაფრებთან დაკავშირებით მის განცხადებაზე ხელოვნური აჟიოტაჟია შექმნილი.

„თითქოს, ვიღაცის პერსონალური ინფორმაცია გავავრცელე, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. დანარჩენი ინტერპრეტაციის საკითხია. ყველას ინტერპრეტაციას პასუხს ვერ გავცემ. არანაირი ადგილმდებარეობა ჩემს მიერ გავრცელებული არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი“, – განაცხადა იოსელიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში.