ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იმუნიზაციის პროგრამა წელს 30 მილიონი ლარით ფინანსდება. ამ თანხების ნაწილი პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე გამოყოფილი, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ შესაძლებლობით არ სარგებლობს და აცრაზე უარს ამბობს. ეს კი, ქალების საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადების გარდა, მატერიალურ ზარალსაც უკავშირდება, რადგან გამოუყენებელ ვაქცინებში გადახდილი ფულის გარდა, სახელმწიფოს მომავალში ონკოპაციენტების მკურნალობისთვის სოლიდური ფინანსების ხარჯვა უწევს.

საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება  გოგონებსა და ქალებს  10-დან – 45 წლის ასაკის ჩათვლით,  ბიჭებსა და მამაკაცებს კი 10-დან  26 წლის ჩათვლით, სრულიად უფასოდ შეუძლიათ.

იმუნიზაციის მედდა მედეა ჯაყელი საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ამბობს, რომ ვაქცინაციაზე მიმართვა დაბალია მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეპარატი სხვა აცრებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად იწვევს გვერდით მოვლენებს და აბსოლუტურად უსაფრთხოა. ამასთან, ის პრაქტიკულად სრულად გამორიცხავს საშვილოსნოს ყელის და პაპილომავირუსით გამოწვეული სხვა სიმსივნური დაავადებების რისკს.

„საქართველოში ეს ვაქცინა 17 წელია არსებობს და ძალიან უსაფრთხოა. სხვა ვაქცინების დროს მცირე ტემპერატურა შეიძლება განვითარდეს ან ადგილობრივი რეაქციები მოგვცეს. ამ ვაქინამ კი ესეც არ იცის. ესაა ამერიკული, ძვირადღირებული, ძალიან კარგი ვაქცინა, 4-კომპონენტიანი და ნამდვილად იცავს იმ ძირითადი შტამებისგან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში პროგრესირებს,“- ამბობს ჯაყელი.

პედიატრი ნათია ჯოხაძე კი აღნიშნავს, რომ  საზოგადოების გარკვეულ ფენებში არის სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რამდენად სავალდებულოა ეს აცრა.

„ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ავსტრალიაში 77%-ით შემცირდა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოება ამ აცრას სერიოზულად მიუდგა და ჩაიტარა ვაქცინაცია იმ გეგმის და გრაფიკის მიხედვით, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა მოწოდებული. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ საქართველოში ეს მიდგომა არაა სერიოზული,“ - აღნიშნავს ჯოხაძე.

წყარო: jandacva.ge