„ამნისტია ძალიან წამახალისებელი ფორმაა, სამართლებრივ პატიებას ნიშნავს და მისასალმებელია იმიტომ, რომ მოსახლეობაზე და იმ ოჯახებზე იქნება მიმართული, ვისი წევრებიც იხდიან სასჯელს გარკვეული დანაშაულების მიხედვით. თუმცა, მე არ ვთვლი, რომ ამნისტია მაინც და მაინც არჩევნების წინ უნდა გამოიყენოს სახელისუფლებო შტოებმა იმისთვის, რომ გარკვეული ქულების ჩაწერა მოხდეს, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში იურისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონი პირველი მოსმენით დღეს მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო. კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი.

„თუ სტატისტიკას შევხედავთ, პატიმრების რაოდენობის მიხედვით, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ფიქსირდება 9568 პატიმარი, რითაც საქართველო მეორე ადგილს იკავებს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე მეტი პატიმარია. ამ სტატისტიკით ვუსწრებთ აზერბაიჯანს და თურქეთს. ევროკავშირის პირდაპირი დირექტივა იყო, მომხდარიყო გადახალისება, ან გარკვეული ზომების მიღება იმისთვის, რომ შემცირებულიყო პატიმრების რაოდენობა.

ამნისტია ძალიან წამახალისებელი ფორმაა, სამართლებრივ პატიებას ნიშნავს და მისასალმებელია. იმიტომ, რომ მოსახლეობაზე და იმ ოჯახებზე იქნება მიმართული, ვისი ოჯახის წევრებიც იხდიან სასჯელს გარკვეული დანაშაულების მიხედვით, თუმცა, მე არ ვთვლი, რომ ამნისტია მაინც და მაინც არჩევნების წინ უნდა გამოიყენოს სახელისუფლებო შტოებმა იმისთვის, რომ გარკვეული ქულების ჩაწერა მოხდეს“,- აცხადებს გვანცა ჟორჟოლიანი.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ოთხივე ამნისტია წინასაარჩევნოდ და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გამოაცხადა ხელისუფლებამ.

„თუ პრაქტიკას გადავხედავთ, 4 ამნისტია გვაქვს 2012 წლის შემდეგ და ოთხივე არჩევნების წინ მოხდა. ერთი იყო არჩევნების შემდეგ - 2012 წელს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ეს იყო დაპირებული დიდი ამნისტია, როცა პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, შემდეგ იყო 2016 წელს ასევე საპარლამენტო არჩევნების წინ, შემდეგ 2020 და 2021 წელს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დაემთხვა“, - აცხადებს გვანცა ჟორჟოლიანი.