ავტოინდუსტრიაში ასეთი წესია – მწარმოებლებმა მოვლენებსა და დროს ყოველთვის წინ უნდა გაუსწრონ.
უკვე გამოვლინდა სია იმ მანქანებისა, რომლებსაც 2025 წელს უნდა ველოდოთ.
მიმოვიხილოთ, რომელ მანქანებს გვიმზადებენ ცნობილი ბრენდები სამომავლოდ.
Skoda Vision 7S
Skoda-მ განაცხადა, რომ 2026 წლისთვის გამოუშვებს სამ ახალ ელექტრო SUV-ს. მათგან პირველი იქნება Vision 7S, რომელიც ბრენდის დიზაინის ახალ ენას, Modern Solid-ს წარმოაჩენს. კონცეპტუალურ მანქანაში არის სავარძლების „6+1“ განლაგება, თუმცა ავტოექსპერტები სამრიგიან განლაგებას ელოდებიან.
Alfa Romeo Giulia EV
Giulia-ს შემდეგი თაობა STLA Large EV პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული და 80 პროცენტამდე დამუხტვას გვპირდება სულ რაღაც 20 წუთში. ამ ორძრავიანი ავტომობილის Quadrifoglio ვერსია კი 900-ამდე ცხენის ძალასა და 2.0 წამზე ნაკლებ დროში სიჩქარის აკრეფას შემოგვთავაზებს. დახვეწილი შესახედაობისა და მართვის დინამიკის გამო, ფიქრობენ, რომ ეს მოდელი 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ელექტრომობილი გახდება.
Ford Ranger PHEV
Ford Ranger ცნობილია, როგორც დიდი შესაძლებლობების მქონე მანქანა, თუმცა აქამდე ის მხოლოდ დიზელის ძრავით იყო წარმოდგენილი. 2025 წლისთვის მის plug-in ჰიბრიდულ ვერსიას ელიან 2.3-ლიტრიანი ტურბო დამუხტვით, EcoBoost ბენზინის ძრავითა და კომბინირებული ელექტროძრავით. ბატარეის ზუსტი ზომა ჯერ არ არის გამოვლენილი, მაგრამ Ford-ის თქმით, მისი სისტემა შთამბეჭდავად იქნება მოწყობილი.
Jaguar GT flagship
ამბობენ, რომ ამ მანქანით იაგუარის ახალი ერა იწყება. ბრიტანული ბრენდი მოწოდების სიმაღლეზე დგას და სამი სრულიად ახალი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს, რომელთაგან პირველი ოთხკარიანი GT იქნება. ის გამოიყენებს პლატფორმას, სახელწოდებით Jaguar Electrified Architecture და 700 კილომეტრის დისტანციას შემოგვთავაზებს.
როგორც პირველადი შეფასებით ჩანს, მწარმოებელი ახალ ვიზუალურ იდენტობას წარმოადგენს, რომლის მიზანიც Jaguar-ის, როგორც ბრენდის ემოციების გამოხატვა იქნება.
Jeep Recon
Jeep-მა პირველი ელექტრომობილი, Avenger 2023 წელს გამოუშვა, თუმცა ავტოსამყარო უფრო მძლავრ და გამორჩეულ მოდელს ელოდება Recon-ის სახით. ეს Wrangler-ის ზომის ელექტრომანქანა მკვრივი სტრუქტურით იქნება წარმოდგენილი და გამოიყენებს STLA Large პლატფორმას.
Wrangler-ის მსგავსად, Recon-საც ექნება მოსახსნელი კარები და ამოსაწევი სახურავი, Jeep-ის Selec-Terrain წევის მართვის სისტემასთან ერთად. მანქანა ასევე აღჭურვილი იქნება საბუქსირე კაუჭებითა და საბურავებით, რომლებიც გაზრდის გამავლობას.
Kia EV5
Kia გააგრძელებს შეტევას ელექტრომობილებზე. EV3 კროსოვერი 2024 წელს გამოვა, მას კი 2025 წელს EV5 მოჰყვება. ის გამოიყენებს E-GMP პლატფორმას და მყიდველებისთვის სამი ვერსიით იქნება მიწოდებული: standard, long-range და long-range AWD.
Lotus Type 134
მიუხედავად იმისა, რომ Lotus-მა თავისი იმიჯი მსუბუქი, სპორტული მანქანების გამოშვებით შეიქმნა, ის სწრაფად ჩამოყალიბდა პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებლად. ახალი ელექტრომობილი, რომლის გამოსაშვებადაც ის ემზადება, Type 134-ია. ის იმავე პლატფორმას გამოიყენებს, რასაც მისი წინამორბედი ელექტრომანქანები, Eletre და Emeya, ექნება 893 ცხენის ძალა და 985 Nm ბრუნვა.
წყარო: marketer.ge