საქართველოში თამბაქოს შესახებ კანონმდებლობის 5 წლის წინ დაინერგა და როგორც თამბაქოს კონტროლის ცენტრის დირექტორი გიორგი მაღრაძე რადიო „კომერსანტის“ ეთერში აცხადებს, ქართული კანონმდებლობა ერთ-ერთ მოწინავეა. მისი თქმით, კანონმა კარგად განსაზღვრა აღმასრულებელი სტრუქტურები, რომელიც კონკრეტულ დარღვევებზე არიან პასუხისმგებელი.

„მოწევის დარღვევებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, თვითონ შენობის ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი, შემდეგ პატრული განახორციელებს საჯარიმო სანქციას; თამბაქოს პროდუქტებით ვაჭრობის საკითხების დარღვევასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურია პასუხისმგებელი; რეკლამასთან დაკავშირებით - თითოეული ქალაქის ზედამხედველობის სამსახური. 5 წლის წინ ქალაქის ქუჩები რომ სავსე იყო თამბაქოს რეკლამებით, ახლა აღარ გვხვდება და მომავალი თაობა აღარ უყურებს მიმზიდველ ფერებში გაფორმებულ „სიკვდილს“, - აცხადებს გიორგი მაღრაძე.

მისი თქმით, 5 წლის წინ, მაშინ როცა კანონის მიღება ხდებოდა, ქვეყანაში მწეველების რაოდენობა 35%-ის ფარგლებში იყო, 2022 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 28%-მდეა შემცირებული.

„5%-იანი კლება გვაქვს 5 წლის განმავლობაში. იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებიც თამბაქოს კონტროლის მექანიზმებს მრავალი წელია ახორციელებენ, 1-1.5%-ით კლება, საკმაოდ წარმატებულ ნაბიჯად ითვლება“, - აცხადებს გიორგი მაღრაძე.

მისი თქმით, მთავარი გამოწვევა თამბაქოს ახალი პროდუქტები - ელექტრო სიგარეტები და გახურებადი თამბაქოა, რომელთაც თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან აგრესიული სარეკლამო კამპანია უკეთდება.

„ამბობენ, რომ ისინი უსაფრთხო და ნაკლებად ზიანის მომტანია, მათი მოხმარება ყველგან ნებადართულია და შეზღუდვებს არ ექვემდებარება. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ჩვენი კანონმდებლობით თამბაქოს ყველა პროდუქტი ექვემდებარება შეზღუდვებს, იქნება ეს ჩვეულებრივი თამბაქო, თუთუნი, ხელით გასახვევი თუთუნი, ჩილიმი, ელექტრო სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო და ა.შ. სხვათა შორის დაწესებულებების ადმინისტრაციებსაც კი არ აქვთ სრული ინფორმაცია და დარღვევების უმრავლესობა, ბოლო პერიოდში, ელექტრო სიგარეტებს უკავშირდება“ - აცხადებს გიორგი მაღრაძე.

თამბაქოს კონტროლის ცენტრის დირექტორმა ტაქსებში მოწევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წლიდან კანონით ტაქსიში მოწევა იკრძალება. ვმუშაობთ, რომ ამასთან დაკავშირებით სანქციების უფრო მკაფიო პროცედურა გაიწეროს, რადგან ამის აკრძალვის აღსრულება ხშირად არ ხდება.

„თამბაქოს კონტროლის კანონი არ არის იმდენად ორიენტირებული ჯარიმებზე და დასჯაზე, ორიენტირებულია ცნობიერების ამაღლებაა“, - აცხადებს გიორგი მაღრაძე.