XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, გლობალური ინდუსტრიული ზრდის პარალელურად, არაერთმა ქართველმა უკეთესი ცხოვრების, პროფესიული განვითარებისა და საკუთარი ხედვის რეალიზაციის მიზნით სამშობლოდან შორს, დიდ ემიგრაციაში გადაწყვიტა წასვლა.

ერთ-ერთი მათგანია ჯორჯ  კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე - ქართველი მეწარმე, რომელიც თანამედროვე გაგებით ანტრეპრენერულ საქმიანობას ეწეოდა და რომელმაც ინოვაციური იდეებითა და ხედვით ამერიკის საწარმოო ბაზარზე უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა.

აღნიშნულ ბლოგში გიზიარებთ 5 ფაქტს, რომლებიც მის პროფესიულ გზასა და ფასდაუდებელ მემკვიდრეობას ასახავს.

თავგადასავლების მაძიებელი 

ბავშვობაში ჯორჯ კობი თავგადასავლების მოყვარული იყო, რამაც განაპირობა ის, რომ 10 წლის ასაკში ბორჯომში გაიპარა, სადაც ახლად გახსნილ მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა ლევანი (ლეონტი) უფროს მემანქანედ მუშაობდა. ძმასაც უკან არ გამოუბრუნებია და ასე დაიწყო მუშაობა ქარხანაში, სადაც ოთხი წელი დაყო. 

აქ დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო და შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის მეთოდი. თავგადასავლების მოყვარული ჯორჯ კობი მალე გაიტაცა ახალმა საქმიანობამ - აქტიურად აკვირდებოდა სამეწარმეო პროცესებს და სწავლობდა ბიზნესის მართვას. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აქ ჩამოუყალიბდა ბიზნესხედვა, რომელმაც მისი მომავალი განსაზღვრა.

მსოფლიო აღიარებამდე საკმაოდ გრძელი გზა გაიარა, რომელმაც ის ჯერ თბილისამდე, შემდეგ პოლონეთამდე, გერმანიამდე, ინგლისამდე, ბოლოს კი ამერიკამდე ჩაიყვანა.

საწერ-კალმების პატენტი და საკანცელარიო მაღაზია

მაშინ როდესაც გერმანიიდან შტატებში გადასული ჯორჯ კობი მეუღლესთან ერთად, General Electric-შიმუშაობდა. გამოგონებების მოყვარულმა ქართველმა ემიგრანტმა ავტომატური საწერი კალმის საკუთარი ვერსია შექმნა და საკუთარი მიგნება დააპატენტა, მცირე ბიზნესიც წამოიწყო და საკანცელარიო მაღაზიაც გახსნა.

სწორედ აღნიშნული გამარჯვება იყო ამერიკაში დიდი წარმატების საწინდარი. მან კალმებითა და სხვა წვრილმანი საკანცელარიო ნივთებით ვაჭრობის შედეგად საწყისი კაპიტალი დააგროვა, ბიზნესი გააფართოვა და დაგროვილი თანხით სამრეწველო კომპანია - Coby Glass Products Company გახსნა.

პირველი სამრეწველო ქარხანა

1919 წლამდე, ჯორჯ კობს გიგა კობახიძის სახელით იცნობდნენ. ხოლო მას შემდეგ რაც, ოფიციალურად დააფუძნა Coby Glass Products Company, ამერიკულ აუდიტორიას კიდევ უფრო მეტად მოერგო და ჯორჯ კობის სახელით გახდა ცნობილი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრების რომელიმე ეტაპზე დაავიწყდა მისი ფესვები. პირიქით, მუდმივად ცდილობდა ქართველი ემიგრანტების დახმარებას.

რაც შეეხება საწარმოს, ეს იყო ერთ იდეაზე აგებული ბიზნესი, სადაც ხარისხი,  უნიკალურობა და ტექნოლოგიური სიახლეები მთავარი ღირებულებები გახდა. კომპანია 45 დასახელების პროდუქციას აწარმოებდა, მათ შორის: სამედიცინო, ქიმიურ და ლაბორატორიულ მინის ნაწარმს, ფანჯრის მინებს, ოთახის გასატიხრ ფილებსა და სხვა. 

სუნამოს ფლაკონები Prince Matchabelli -სთვის 

ჯორჯ კობის სამრეწველო ხედვა და ტექნოლოგიური შესაძლებლობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა მაშინ, როდესაც საქმე დიზაინსა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს ეხებოდა. სწორედ ამ მოტივით დაიწყო თანამშრომლობა ქართველ არისტოკრატთან და პარფიუმერთან გიორგი მაჩაბელთან.

მაჩაბლის მიერ დაარსებული სუნამოების ბრენდი Prince Matchabelli გამორჩეულ შეფუთვასა და ვიზუალურ იდენტობას ითხოვდა. ხოლო ჯორჯ კობის ქარხნებში დამზადებული ფლაკონები გამოირჩეოდა სისუფთავით, ფორმის სიზუსტითა და სინათლის განსაკუთრებული გარდატეხით. მისი შექმნილია “საქართველოს დედოფლის” სუნამოს ფლაკონი, რომელმაც ბრენდის წარმატება განსაზღვრა. 

ორი ქართველი ემიგრანტის თანამშრომლობა ამერიკაში არა მხოლოდ ბიზნეს პარტნიორობის მაგალითი გახდა, არამედ კულტურული თანადგომის სიმბოლოც. ჯორჯ კობის ტექნოლოგიამ და გიორგი მაჩაბლის ესთეტიკურმა ხედვამ ერთობლივად შექმნა პროდუქტი, რომელმაც ამერიკულ ბაზარზე ქართული სახელის ხარისხთან და დახვეწილ გემოვნებასთან ასოცირება გაამყარა.

ქართველი, რომელმაც ახალი წელი გააფერადა

ჯორჯ კობის ინოვაციური ხედვა მხოლოდ სამრეწველო და სამედიცინო პროდუქტებს არ შეეხებოდა. მისი დაკვირვებით, ბავშვებისთვის ხარისხიანი, უსაფრთხო და მიმზიდველი სათამაშოების შექმნა გაცილებით უფრო რთული იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. თუმცა სირთულის მიუხედავად, ფერადი მინისგან სხვადასხვა ფორმის ნაძვის ხის სათამაშოები შექმნა, რომლებსაც „ორნამენტი“ უწოდა. შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოებს შემდეგი წარწერა ჰქონდათ: “კობი - ეს შობაა". სათამაშოები კანადაში გადიოდა, ამიტომ წარწერა ფრანგულადაც კეთდებოდა.

საინტერესოა ისიც, რომ ჯორჯ კობი ემიგრანტ ქართველებს აქტიურად ეხმარებოდა. მაგალითისთვის, 1939 წელს ჩინეთიდან ამერიკაში ჩაიყვანა ფარმაცევტი ნიკო ჯიშკარიანი და ლაბორატორია მოუწყო. დაეხმარა ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილს თვითმფრინავის მინის კაბინის შექმნაში. ასევე, გაუმართა ხელი შემდგომში კარგად ცნობილ ქართველ ოქროსმაძიებელ მაიკ მიტოს და ალასკაზე ოქროს გადამამუშავებელი ქარხანა ააშენებინა.  

განვლილი გზისა და ფასდაუდებელი მემკვიდრეობის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ჯორჯ კობი გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ამერიკაში მილიონერის სტატუსი მოიპოვა. დიდი დეპრესიის დროს მან ქონებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, თუმცა არ დანებდა და საკუთარი საწარმო აღადგინა. შეიძლება ითქვას, რომ მისი წარმატება თავდაუზოგავი შრომის, ინოვატორობის, უსაზღვრო კრეატიულობისა და ეროვნული ფესვებისადმი სიყვარულის შედეგია.

დღეს, ჯორჯ კობის მიერ დაარსებული Coby Glass Products Co. განსხვავებული პროფილით კვლავ ფუნქციონირებს და ნიუ-იორკის მაცხოვრებლებს ფანჯრების შეკეთების სერვისს სთავაზობს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, Coby Glass რჩება კომპანიად, რომლითაც თითოეული ამერიკელი ამაყობს.