2023 წელს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 21 613 პირის მიმართ დაიწყო. აღნიშნული მონაცემები ასახულია გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი წლების მიხედვით შემდეგია:

2013 წელი - 18 781; 2014 წელი - 19 298; 2015 წელი - 17 823; 2016 წელი - 16 085; 2017 – 15 789; 2018 – 16 820; 2019 წელი - 19 114; 2020 წელი - 15 625; 2021 – 19 744; 2022 – 22 365; 2023 – 21 613;

გასული წლის განმავლობაში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 177-ე (ქურდობა), 260-ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 151-ე (მუქარა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე დაფიქსირდა.

2023 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 271 პირის მიმართ შეწყდა.

გენერალური პროკურორის ინფორმაციით, დაზარალებულად ცნობილი იქნა 18 277 პირი. 2023 წელს ყველაზე მეტი პირი სსკ-ის 177-ე, 151-ე და 126/1 მუხლით ჩადენილი დანაშაულის შედეგად დაზარალდა.