„კანონი ჩავარდება, ეს ძალიან მკაფიოდ. ამ გადაწყვეტილების საფუძველია ის, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, თუნდაც იქ მყოფი ერთი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე“ – მამუკა მდინარაძის ამ სიტყვებიდან 1 წლისა და 1 თვის შემდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი კორექტირებული სახელწოდებით, შეცვლილი ინიციატორით, თუმცა იმავე შინაარსით საქართველოს საპარლამენტო დღის წესრიგში დაბრუნდა. 2023 წლის მარტის მსგავსად, პოლიტიკურად ცხელი აღმოჩნდა 2024 წლის გაზაფხულიც.
მმართველი გუნდის მისამართით გაიზარდა საერთაშორისო პარტნიორების წნეხი. დასავლეთმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გეზთან შეუსაბამოდ მიიჩნია. საქართველოს პარლამენტის დარბაზში კანონის განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ საპროტესტო აქციები ქვეყნის ყოველდღიურობად იქცა.
მოგვიანებით, დემონსტრაციებმა უფრო მწვავე ხასიათი შეიძინა და საპოლიციო ძალებთან შეტაკებებში გადაიზარდა.
დასავლელი პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, მმართველი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება არ შეცვლილა. ე.წ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სამივე საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მოქალაქეთა უმრავლესობის პროტესტისა და პრეზიდენტის ვეტოს ფონზე მიიღეს – 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი. ქუჩის დემონსტრაციების შეწყვეტის მიუხედავად, საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველად, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დასავლური სანქციები ამოქმედდა, რამაც გარკვეული საერთაშორისო დახმარების პაკეტები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ტერიტორიული გამოწვევების წინაშე მდგარ სახელმწიფოსთვის, „ღირსეული პარტნიორის“ სახით, ამერიკული სამხედრო მხარდაჭერაც გაიყინა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდგომ განვითარებულმა პროცესებმა არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და საქართველოს პრეზიდენტი საერთო აზრზე შეაჯერა – მათი შეფასებით, ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონმა საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას ჩამოაშორა. საერთო იყო თანხმობაც საგარეო კურსის ცვლილებასა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი საჩივარი შევიდა. სახელმწიფოსთან სამართლებრივი დავის გზაზე პირველი ნაბიჯი 122-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადადგა. საქართველოს ისტორიაში პირველად, მოსამართლის მაგიდაზე პრეზიდენტის სარჩელი აღმოჩნდა, რასაც 38 ოპოზიციონერი დეპუტატისა და ორი მედიაორგანიზაციის სარჩელებიც დაემატა.
თბილისში პრეზიდენტის ვეტოდაძლეულმა სადავო კანონმა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან 29 აგვისტოს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში გადაინაცვლა. პოლიტიკურ მოვლენათა ეპიცენტრი ახლა აჭარის დედაქალაქია, სადაც ჯერჯერობით უცნობია – საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას ქვეყნის უმაღლესი იურიდიული დოკუმენტის ერთგულებით თუ პოლიტიკური ზეგავლენით მიიღებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში “გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ სარჩელების განხილვა დასრულდა.
პროცესი, სადაც სასამართლომ სარჩელის დასაშვებობაზე იმსჯელა, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოუსმინეს ენათმეცნიერს, მარინე ბერიძეს, რომელმაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით ჩატარებულ ლინგვისტურ კვლევაზე ისაუბრა და უპასუხა როგორც მხარეების, ისე მოსამართლეთა კითხვებს.
მოსამართლეების კითხვებს უპასუხა ასევე მოსარჩელე და მოპასუხე მხარემ, რის შემდეგაც მათ ერთმანეთსაც დაუსვეს შეკითხვები. სხდომის ბოლოს, თითოეულმა მათგანმა სასამართლოს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა.
სასამართლომ ასევე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელსაც მოუსმინა.
როდის მიიღებს და გამოაცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საკუთარ გადაწყვეტილებას სარჩელების არსებითად განხილვის თაობაზე, ჯერ უცნობია.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განმარტა,“სასამართლო აქტის მიღების შესახებ მხარეებს ეცნობებათ დამატებით”.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ 5 სარჩელი შევიდა - საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციონერი დეპუტატების, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის.
წყარო: euronewsgeorgia