საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო სარჩელების 3-დღიანი განხილვა დასრულდა. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელებს წარმოებაში და დაიწყება თუ არა საქმის არსებითი განხილვა.
პროცესი, სადაც სასამართლომ სარჩელის დასაშვებობაზე იმსჯელა, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოუსმინეს ენათმეცნიერს, მარინე ბერიძეს, რომელმაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით ჩატარებულ ლინგვისტურ კვლევაზე ისაუბრა და უპასუხა როგორც მხარეების, ისე მოსამართლეთა კითხვებს.
მოსამართლეების კითხვებს უპასუხა ასევე მოსარჩელე და მოპასუხე მხარემ, რის შემდეგაც მათ ერთმანეთსაც დაუსვეს შეკითხვები. სხდომის ბოლოს, თითოეულმა მათგანმა სასამართლოს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა.
სასამართლომ ასევე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელსაც მოუსმინა.
როდის მიიღებს და გამოაცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საკუთარ გადაწყვეტილებას სარჩელების არსებითად განხილვის თაობაზე, ჯერ უცნობია.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განმარტა,“სასამართლო აქტის მიღების შესახებ მხარეებს ეცნობებათ დამატებით”.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ 5 სარჩელი შევიდა - საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციონერი დეპუტატების, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის.