ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს “ღირსების” ორდენით დაჯილდოებას უპირებ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი იყო.
“სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი შიდა პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და გარე სამყაროზე იყო საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი. დასახვრეტ ადამიანებსაც ამიტომ აიძულებდნენ ამ ტყუილში მონაწილეობას და საკუთარ მოგონილ დანაშაულის აღიარებას.
უკვე არც “რუსული” კანონები, თუ “რუსული” არჩევნები აღარ კმარა, ახლა ქვეყანა ამ აცდენილ რეალობაში გადაიყვანონ უნდათ. ტოტალური ტყუილი სუფევს, სადაც პარტნიორების განცხადებები საზოგადოებას გაყალბებულად წარუდგენენ, როცა უცხოელ პარტნიორებს უტიფრად ატყუებენ! ეუთო/ოდირის უმკაცრეს დასკვნის გამარჯვებად გასაღება ამის მხოლოდ ერთი მაგალითია!
ამ ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს “ღირსების” ორდენით დაჯილდოებას უპირებ!” - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენენ. როგორც გუშინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, ღირსების ორდენზე წარსადგენთა შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები.
ცნობისთვის, ღირსების ორდენზე წარსადგენად მთავრობის მიერ შერჩეული შსს-ს მაღალჩინოსნების უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატებისა და და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან სანქცირებული არიან.