BRANDING.GE-ს დამფუძნებელი და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს მიმართ განწყობები ნეგატიურია, რაშიც დამნაშავე ხელისუფლებაა. საკითხზე ლევან კობერიძემ bm.ge-ს გადაცემა ,,საქმის კურსში’’ ისაუბრა. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში საქართველოში უცხოელი ინვესტორები არ შემოდიან და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 2008 წლის დონეზეა დასული. ლევან კობერიძის განცხადებით, ქვეყანას რუსეთიდან შემოსული ტურისტები შველის.
,,საინვესტიციო გარემოს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, განწყობების არის ნეგატიური. საერთაშორისო შეფასებითაც BB დაგვიტოვეს, მაგრამ განწყობები ნეგატიურისკენ არის შეცვლილი. ეს ამ კრიტერიუმში ჩანს, მაგრამ ყველაზე მთავარია, ამ სიტუაციაში ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, თუ საინვესტიციო გარემოზე ვიტყვით განწყობები ნეგატიურია. ადამიანების განწყობაზე თუ ვიტყვით ნეგატიურია. ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე არის ხელისუფლება. რამ შეიძლება რომ გამოასწოროს სიტუაცია? ჩემი აზრით, მთლიან ამ სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის მიმართ განწყობები არის ნეგატივისკენ შეცვლილი არც ინვესტორი არ შემოვა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 2008 წლის დონეზეა დასული. ნუ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ე.წ. ომის ტურიზმი რომ არ შველოდეს ქვეყანას, რუსეთიდან ჩამოსული ადამიანები, მე არ ვიცი რეალურად რა მდგომარეობა იქნებოდა ეკონომიკაში.’’- განაცხადა ლევან კობერიძემ.
BRANDING.GE-ს დამფუძნებელი და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ გამოსავალი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაშია. ლევან კობერიძის თქმით, ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით, ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ხალხს შორის დიალოგით უნდა იყოს მიღებული და არა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით.
,,ჩემი აზრით, ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება გამოასწოროს სიტუაცია ალბათ იქნება რიგგარეშე არჩევნები, რომელიც უნდა დაინიშნოს, ოღონდ არა მაკრონის, ან ევროკავშირის მხრიდან ზეწოლით, არამედ ,,ქართული ოცნების’’, ხალხის და ოპოზიციის ერთმანეთთან საუბრით. ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ იმიტომ, რომ ხომ ვხედავთ ჩიხური სიტუაციაა.’’- აცხადებს ლევან კობერიძე.
BRANDING.GE-ს დამფუძნებელი და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ ,,ქართულ ოცნებას’’ მოუწევს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, რადგან 26 ოქტომბერს ჩატარებულ კენჭისყრას არავინ არ აღიარებს. ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ამ გზით დაცული იქნება ქვეყნის იმიჯი და პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე.
,,აპირებს, არ აპირებს (ქართული ოცნება), მე ჩემს პროგნოზს გეტყვით, რომ მგონია, რომ მოუწევს (რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა). მე მენდომებოდა, რომ ეს მოხდეს არა საგარეო წნეხით, არამედ მოხდეს თვითონ საქართველოში. ჩვენ თვითონ შევძლოთ, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, ხალხმა. ეს ხალხი არ აღიარებს ამ ხელისუფლებას, არც ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აღიარებენ ხომ? არჩევნები არავის არ უღიარებია. ამიტომ, იდეალური გამოსავალი, ასე ვიტყოდი, ქვეყნის პოზიციონირება, იმიჯი როგორც პროგრესისკენ სწრაფვადი, როგორც კარგი ბიზნეს გარემოს ქვეყნის, როგორც იმ ქვეყნის, რომელსაც 8 ათასწლოვანი ისტორია აქვს თუნდაც ღვინისა და ადამიანებს შორის ურთიერთობების, ანუ ის ღვინო ჩვენთვის ხომ არ იყო უბრალო კვების პროდუქტი. ის არის ურთიერთობების თემა ხომ? ეს კულტურა თუ გვაქვს დავანახოთ ყველას, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან ლაპარაკი. მგონია, რომ რიგგარეშე არჩევნებამდე მოუწევს მაინც ხელისუფლებას მისვლა და ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება თუ ეს მისივე მხრიდან იქნება ინიცირებული. ხალხთან ერთად დიალოგით პირველ რიგში და ოპოზიციის რაღაც დონით ჩართულობით.’’- აცხადებს ლევან კობერიძე.
BRANDING.GE-ს დამფუძნებელი და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ პროცესში პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია სალომე ზურაბიშვილს, თუმცა მას ერთი პრობლემა აქვს, რაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას უკავშირდება. ამ გარემოების გამო ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ ის არა სამართლიანობისთვის იბრძვის, არამედ თანამდებობის შენარჩუნებას ცდილობს.
,,აქ სხვათაშორის, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია გარკვეული პოზიციური როლი ითამაშოს, ოღონდ მას ერთი სისუსტე აქვს ამ პოზიციაში, მას საპრეზიდენტო ვადა უკვე გაუვიდა. უბრალოდ შეიძლება შეიქმნას განცდა, რომ ის იბრძვის არა სამართლიანობისთვის, არამედ თავისი ვადის გახანგრძლივებისთვის. მან პოლიტიკური პიარის თვალსაზრისით ამ საკითხს უნდა მიაქციოს ყურადღება და სხვანაირად იმოქმედოს, მაგრამ იდეაში გამოსავალზე თუ ვსაუბრობთ, ერთ-ერთი (ნუ კიდევ შეიძლება სხვა გამოსავალიც არსებობს) არის რიგგარეშე არჩევნები. ოღონდ იმედია ქვეყნის შიგნით თანხმობით და არა გარედან ზეწოლით. გარედან ზეწოლას კიდევ სხვა პრობლემებიც მოჰყვება.’’- განაცხადა ლევან კობერიძემ.