„თბილისში "მწერალთა სახლში" რეპრესიები ისევ ბრუნდება/თანამდებობაზე - პოლიტიკური ნიშნით“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული ბიზნეს გამოცემა Financial Times  მასალის  ავტორი ნადია ბერდი წერს, რომ მწერალთა სახლის ახალმა  ხელმძღვანელმა პოზიცია პოლიტიკური  ნიშნით დაიკავა, რადგან იგი ქვეყნის არალიბერალური მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მიმართ ლოიალურად არის განწყობილი.

„ამ გაზაფხულზე თბილისში, მწერალთა სახლში, რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნა, რომელიც მუდმივ ექსპოზიციას წარმოადგენს და ეძღვნება იმ მწერლების ხსოვნას, რომელთა ცხოვრება და კარიერა სტალინიზმმა იმსხვერპლა. ამ მოვლენიდან ნახევარი წელიც არ იყო გასული, რომ მწერალთა სახლის დირექტორი შეიცვალა: ახალმა ხელმძღვანელმა თანამდებობა პოლიტიკური ნიშნით დაიკავა - იგი ლოიალურად არის განწყობილი ქვეყნის არალიბერალური მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიმართ. საქართველოს ლიტერატურული საზოგადოების 100-ზე მეტმა წამყვანმა წარმომადგენელმა, პროტესტის ნიშნად, მწერალთა სახლს ბოიკოტი გამოუცხადა - „სახიფათო ავტორიტარული ტენდენციების გამო“, რომელსაც ქვეყნის კულტურის სამინისტრო ავლენს. ცხადია, ამგვარი ირონია შეუმჩნეველი არავისთვის არ დარჩენილა.

მწერალთა სახლი თავისი  მოჩუქურთმებული ხის აივნებითა და „არტ-ნუვის" სტილში გაკეთებული  ხვეულებით 100 წელზე მეტია, რაც  ქართული ლიტერატურული საზოგადოების  ცენტრად ითვლება, მის ტრიუმფსა და ტრაგედიაში ქვეყნის პოლიტიკური ისტორიის კონტურებია ასახული. 1920-იან წლებში, მანამდე, სანამ სტალინიზმის მარწუხები გაძლიერდებოდა, მწერალთა სახლი ქართველი „ცისფერყანწელების“ - პოეტ-სიმბოლისტთა გაერთიანების - არაოფიციალურ შტაბ-ბინას წარმოადგენდა. 1937 წელს, ცნობილი „სტალინური წმენდების“ დროს, პოეტმა პაოლო იაშვილმა, რომელიც შეშფოთებული იყო დასმენებითა და საჩვენებელი სასამართლოების მოწყობით თავისი კოლეგების მიმართ, დატოვა საბჭოთა საქართველოს მწერალთა კავშირის სხდომა, ავიდა ზემო სართულზე და სანადირო თოფით თავი მოიკლა.“ - წერს ნადია ბერდი.

ნარია ბერდი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ მწერალთა სახლის  ახალ დირექტორად ქეთევან დუმბაძის  დანიშნა იმაზე მიუთითებს, რომ ძველი ავტორიტარული ინსტინქტები არ გამქრალა და კვლავ თავს იჩენს.  მისივე  თქმით აღსანიშნავია ისიც, რომ დუმბაძე რუსული კანონპროექტის "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონპროექტის მხარდამჭერი იყო, რომელიც საზღვარგარეთიდან დაფინანსებული მასმედიის  და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო მიმართული. სწორედ ამის გამო შეხვდა  მწერალთა კავშირი  მის  დანიშვნას  სკეპტიკურად . 

„ქეთევან დუმბაძეს ამ სფეროში გამოცდილება არ აქვს, ასევე არანაირი შეხება და ინტერესი არ აქვს კულტურის სფეროს მიმართაც“, - ამბობს ნატა ლომოური, მწერალთა სახლის ყოფილი დირექტორი.

სტატიის ავტორის შეფასებით ქეთევან დუმბაძის დირექტორად დანიშვნა ერთ-ერთი სკანდალთაგანია , იმ სკანდალებიდან, რომელიც კულტურის მინისტრად  თეა  წულუკიანის დანიშვნას  სდევს. 

„მისი ძალისხმევით ჯერ მუზეუმებიდან გაათავისუფლეს უამრავი თანამშრომელი, შემდეგ მათ ნაცვლად კულტურის სფეროს დაწესებულებებში ხელმძღვანელებად ექსპროკურორები და პენიტენციარული სტრუქტურების ყოფილი უფროსები დანიშნეს. „ხელისუფლებისადმი ლოიალობა და სრული თანხმობა“, - ასე დაახასიათა ერთ-ერთი მუზეუმის აწ უკვე ყოფილმა დირექტორმა ახალი კადრების დანიშვნის პრინციპი, რომელიც მათაც ეხება, ვინც თანამდებობაზე იქნა დატოვებული.

ავტოკრატებს ხელოვნებისა სწორედ იმიტომ ეშინიათ, რომ ისინი ვერ აკონტროლებენ ხელოვანთა (მწერლების, პოეტების და.აშ.) რეაქციას. იმ დროს, როცა სხვა რესპუბლიკებში ავტორიტარიზმი მეფობდა, საქართველოს კულტურის სამყაროში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი „დემოკრატიის ჟანგბადი“. როცა მე რუსეთში რეპორტიორად ვმუშაობდი, შევამჩნიე, თუ როგორი დიდი ძალისხმევით ცდილობდა ვლადიმერ პუტინი ხელოვნების სფეროს ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებას და მის გაკონტროლებას. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მოქმედების ტრაექტორიიდან ჩანს, რომ საქართველოშიც მოვლენები მსგავსი მიმართულებით მიდის.“ - წერს ნადია ბერდი. 

ავტორის შეფასებით, ეს ყველაფერი უცნაურად უთავსდება  თბილისის სწრაფვას ევროკავშირის წევრობისაკენ. მისივე განმარტებით გასულ წელს საქართველომ, მოლდოვასა და უკრაინისაგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მას 12-პუნქტიანი მოთხოვნა წაუყენეს რეფორმების განსახორციელებლად.  ავტორი ასევე  აღნიშნავს, რომ მართალია, (ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში) გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების კურსი, რომელიც რუსეთისაკენ გადახრაში გამოიხატება (მაგალითად, ავიამიმოსვლის განახლება მოსკოვთან), თბილისის ევროპული განაცხადის გულწრფელობას საეჭვოდ ხდის.

„საქართველოს, მოსახლეობის მცირე რიცხოვნობის მიუხედავად (3,7 მილიონი ადამიანიდან 1 მილიონზე მეტი თბილისში ბინადრობს), ძლიერი და აქტიური კულტურული ცხოვრება აქვს. ისეთი ინიციატივები, როგორებიცაა Artbeat-გალერეა (საგამოფენო სივრცე გადაკეთებულ საცხოვრებელ კორპუსში) და გალერეა LC Queisser, მოწოდებულია მხარი დაუჭირონ ახალბედა დამწყებ მხატვრებს. ისინი სწორედ იმიტომ გახდნენ პოპულარულები, რომ მათ მთავრობისგან რაიმე ინტერესი, მხარდაჭერა და კავშირი არ ჰქონდათ. ასეთი პროექტები ადვილად ადაპტირებადი არიან და პოლიტიკური განწყობის ცვლილებებისადმი იმუნიტეტი აქვთ.

მაგრამ თბილისის უფრო მეტად ცნობილი კულტურული დაწესებულებები, როგორიცაა მწერალთა სახლი, ძალიან თვალსაჩინო და ისტორიული მნიშვნელობისა არიან, ისინი მსგავსი თავისუფალი მოქმედებით ვერ ისარგებლებენ. იმდენად, რამდენადაც მწერალთა სახლი კვლავ ექცევა (ხელისუფლების ყურადღების ცენტრში), მას კიდევ ერთხელ მოუწევს წინააღმდეგობა გაუწიოს ძველ მტერს - რეპრესიებს.“ - წერს ნადია ბერდი.