საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის პირები ეხმაურებიან. ერთ-ერთია ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე სოციალურ ქსელში შესაბამისი ტექსტი დაწერა. მისი შეფასებით, როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა.
„საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში ადასტურებს. როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა“, - წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.
"უპირველეს ყოვლისა, ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ."- წერს X-ზე ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი.
"ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი."- წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.