საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული შეშფოთების შემდეგ, ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა, ექსპერტთა მისიამ კი მუშაობა დაიწყო - ინფორმაციას ეუთო/ოდირი ავრცელებს.

ეუთოს 23-მა სახელმწიფომ 2026 წლის 29 იანვარს აამოქმედა ეუთოს მოსკოვის მექანიზმი, რათა "შეაფასონ საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულება, 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებზე განსაკუთრებული ფოკუსირებით".

მოსკოვის მექანიზმი, რომელიც ბოლოს 2025 წლის 24 ივლისს უკრაინასთან დაკავშირებით ამოქმედდა, ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას, გაგზავნონ ექსპერტთა მისიები, რათა ხელი შეუწყონ ეუთოს ადამიანურ განზომილებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხის ან პრობლემის მოგვარებას.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით მოსკოვის მექანიზმი ამოქმედდა. მანამდე, 2024 წლის დეკემბერში, 38-მა მონაწილე სახელმწიფომ აამოქმედა ეუთოს ვენის მექანიზმი, რათა გამოეხატათ შეშფოთება საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მოეთხოვათ მეტი ინფორმაცია. საქართველოს პასუხის შემდეგაც კი, ეს შეშფოთება მხოლოდ გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთა მისიის ამოცანები მოიცავს შემდეგს: "საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით ბოლოდროინდელი მოვლენების დოკუმენტირება; ამ მოვლენების გავლენის შეფასება, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ეუთოს უსაფრთხოების ყოვლისმომცველ განმარტებას; და რეკომენდაციების შემუშავება შემაშფოთებელი საკითხების გადასაჭრელად".

23 მონაწილე სახელმწიფო, რომელმაც მოცემულ შემთხვევაში მოსკოვის მექანიზმი აამოქმედა, არის: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.

bm.ge