საქართველომ ხელი მოაწერა გზამკვლევს ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან, სრული გაგება გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ გავზარდოთ შუა დერეფნის წარმადობა, რკინიგზის, პორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ამით პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტ წოუ იუნის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, როგორია ქვეყნის ეროვნული სტრატეგია საქართველოს პოზიციონირების შესახებ, რათა ის მიჩნეულ იქნეს ლოგისტიკისა და ტრანსპორტის ჰაბად.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, მოახდინოს პოციზიონირება როგორც ჰაბმა.
„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ საქართველოს უნიკალური მდებარეობა აქვს. მას უნიკალური გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს და აღმოსავლეთს აკავშირებს დასავლეთთან. თან ეს ყველაზე მოკლე მარშრუტია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მაგალითად, დაახლოებით, 15 დღე სჭირდება საქონლის ტრანსპორტირებას ჩინეთიდან ევროპამდე. ამას ვამბობ ტრანსპორტირების სხვა საშუალებებთან შედარებით, - მაგალითად, საზღვაო გადაზიდვებს 45 დღე სჭირდება. ამიტომ, სხვაობა დიდია. პოტენციალი დიდია შუა დერეფნის განვითარებისთვის. ეს მიმართულება რამდენიმე ქვეყანას მოიცავს - ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს.
ახლა გეტყვით ჩვენი ხედვის თაობაზე. საქართველომ ხელი მოაწერა გზამკვლევს ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან. სრული გაგება გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ გავზარდოთ ამ დერეფნის წარმადობა, როგორ გავზარდოთ რკინიგზის, პორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა.
საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი. ახლა ვაპირებთ დავიწყოთ დიდი საპორტო პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლია მაქვს მხედველობაში. ყველა 9 ფაზის განხორციელების შემდეგ, მისი წარმადობა დაახლოებით 100 მილიონი ტონა იქნება. რა თქმა უნდა, ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზებას, რასაც ჩინური კომპანია ასრულებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნულ მაგისტრალსაც ჩინური კომპანიები აშენებენ. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ეფექტიანად მუშაობენ და ფასებიც კონკურენტული აქვთ. ჩვენ კმაყოფილი ვართ საქართველოში მათი მუშაობით. . საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ პოციზიონირება მოახდინოს როგორც ჰაბმა. მხედველობაში მაქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ჰაბი ან ენერგეტიკული ჰაბი, ან ავიაციის ჰაბი. ჩვენ ასევე გვინდა ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, საუბარია მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტზე. თუნდაც, ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები. მიმაჩნია, რომ ეს არის სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო მომავალში ის იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად. უნდა ვიყოთ კრეატიული, უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და, რა თქმა უნდა, სრული კოორდინაცია, სრული გახსნილობა და გამჭვირვალობა გვჭირდება“,– განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
საქართველომ ხელი მოაწერა გზამკვლევს ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან, სრული გაგება გვაქვს თუ როგორ გავზარდოთ შუა დერეფნის წარმადობა - ღარიბაშვილი
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე
ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში - ევროპული საბჭო