საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მიერ 12 პრიორიტეტის კეთილსინდისიერად შესრულების განზრახვას, ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი წერს.
„საქართველოს პარლამენტმა ერთი მოსმენით მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის მიერ ინიციირებულ კანონის პროექტს „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი.
შემოთავაზებული ცვლილებით, მმართველი პარტია მიზნად ისახავს პროცესიდან გამორიცხოს როგორც ოპოზიციის, ისე პრეზიდენტის როლი, რაც, ხელს არ შეუწყობს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის ფორმირებას.
კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს საქართველოს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესებაში. მმართველმა პარტიამ ორგანული კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობა, ცესკოს წევრების შესარჩევად შექმნილ საკონკურსო კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის მონაწილეობით ფორმალურად დააზღვია.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, არ დაუშვას ინიციირებული კანონის პროექტის მიღება და გააგრძელოს მუშაობა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესასრულებლად“, - ნათქვამია DRI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.