22 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. მოგვიანებით, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან მმართველი პარტიის მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატზე ისაუბრა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ პარტია შეეცდება ისეთი კანდიდატის დასახელებას, რომელიც მათი გუნდის იმედებს გაამართლებს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიაში ამ საკითხზე მსჯელობა გრძელდება და საზოგადოებას პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობას მალე გაუზიარებენ. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა ისიც, რომ არასერიოზულია ელექტრონულ არჩევნებში 300 000 ხმის გაყალბებაზე საუბარი.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრა 25 ნოემბერს დაანონსებულ საპროტესტო აქციაზეც, რომელიც მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად არის დაგეგმილი. მოქალაქეების ნაწილის პროტესტი მამუკა მდინარაძემ არასერიოზულად შეაფასა. მისი თქმით, არ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ პარლამენტის პირველი სხდომა არ შედგეს.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე, 27 ოქტომბერს, მამუკა მდინარაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად აღარ ჰყავს". მისივე შეფასებით, საქართველოს ჰყავს აგენტურული, რადიკალური ოპოზიციის ნირწამხდარი ლიდერი. მაშინ მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილი შეაფასა, როგორც აგენტურული ოპოზიციის კოორდინატორი და არა პრეზიდენტი.