მამუკა მდინარაძემ ახალი საკონსულტაციო კომპანია „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა.

ამ დროისთვის საჯაროდ ცნობილია, რომ სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფის“ დირექტორი ნინო ჭანტურიაა, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი კი, თავად მამუკა მდინარაძე. ინფორმაცია თავდაპირველად BM.GE-მ გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა - პოლიტიკიდან გენერალ-მაიორის წოდებით წასულმა მამუკა მდინარაძემ საკუთარი საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა.

იურისტი მამუკა მდინარაძე პოლიტიკაში 2016 წელს გამოჩნდა. „ქართული ოცნების“ სახელით შევიდა პარლამენტში და მმართველი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურ წევრად იქცა. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საპარლამენტო უმრავლესობას და იყო ხელისუფლების მთავარი სპიკერიც.

2025 წლის სექტემბერში მამუკა მდინარაძემ პარლამენტი დატოვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდა. სწორედ აქედან დაიწყო მისი კარიერის სწრაფი ცვლილებების პერიოდი. სუს-ის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ მას სპეციალური წოდებები, ძალიან მოკლე დროში მიენიჭა. დაახლოებით შვიდ თვეში ლეინტენანტიდან ის გენერალ-მაიორი გახდა.

2026 წლის აპრილში მდინარაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა, თუმცა მთავრობაში დარჩა. მისთვის შეიქმნა ახალი თანამდებობა — სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ამასთანავე, ის ვიცე-პრემიერი გახდა. 

მალევე მდინარაძის კარიერაში მორიგი ცვლილება მოხდა. ივლისის ბოლოს ხელისუფლებამ ახალი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები დააანონსა: მდინარაძეს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი პოსტი უნდა დაეკავებინა. თუმცა, 27 აგვისტოს მდინარაძემ თანამდებობიდან გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.