გულწრფელად ვიმედოვნებ, საქართველო, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან, განსაკუთრებით უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად შეძლებს, რაც შეიძლება მალე შეუერთდეს ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, „ევროკავშირი არის შესანიშნავი სამშვიდობო პროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს, იცხოვრონ მშვიდობიანად, გაზარდონ ცხოვრების სტანდარტები და მოქალაქეების კეთილდღეობა“.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან, განსაკუთრებით უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად შეძლებს, შეუერთდეს ევროკავშირს, რაც შეიძლება მალე, რათა უზუნველყოფილი იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა საქართველოში. ეს პროცესი მიმდინარეობს და ჩვენი მხრიდან ამის მხარდასაჭერად მაქსიმალურს გავაკეთებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, არჩევანი ქართველების გასაკეთებელია.
ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდულია. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ საქართველოს ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას, ვიცით საქართველოს ტრაგიკული ისტორია, მათ შორის რამდენიმე ომი, მათგან უკანასკნელი 2008 წელს. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი არ არის საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ. ამავდროულად, ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, ნათლად ავირჩიეთ მხარე და მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით, თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად და საქართველო ერთ-ერთი მათგანია. ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე უკრაინა გაიმარჯვებს, რასაც შედეგად მოჰყვება მშვიდობა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ რეგიონში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.