გერმანიის მმართველი კოალიციის დაშლის გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედეგად გერმანიის ბუნდესტაგში დღის წესრიგი შეიცვალა.
ამჟამად არსებული ინფორმაციით, დღეს ბუნდესტაგში ერთადერთი საკითხი განიხილება – ბერლინის კედლის დაცემის 35-ე წლისთავი, შემდეგ კი გერმანელი დეპუტატები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას განიხილავენ.
ცნობისთვის, გერმანიაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიან, ფაქტობრივად, დაიშალა.
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ფინანსთან მინისტრის დროებით შემცვლელს დანიშნავს, ხოლო უკვე 2025 წლის იანვარში გაიმართება კენჭისყრა, რომელზეც მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხს დააყენებენ. ოპოზიცია შოლცის ამ გეგმას არ ეთანხმება და ითხოვს, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი უახლოეს დღეებში დადგეს დღის წესრიგში, რათა გერმანიაში ვადამდელი არჩევნები რაც შეიძლება მალე დაინიშნოს.