საქართველოს მთავრობამ გუშინდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის თანაბარი პირობები ვერ უზრუნველყო. სამწუხაროდ, დამკვირვებლებმა ისაუბრეს მძიმე დაშინებაზე, ძლიერ გამყოფ რიტორიკასა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერმა განაცხადა.

„ეს შემაშფოთებელი დასკვნები დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული. ამგვარად, არჩევნები უაღრესად იმედგაცრუებული უკუსვლაა იმ ქართველებისთვის, რომლებსაც დემოკრატიული, ლიბერალური და ევროპული საქართველოს იმედი აქვთ“, - წერს გერმანელი პარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ზე.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდება, თუ მთავრობა ამჟამინდელ კურსს შეინარჩუნებს.

კიდევ ერთხელ: ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაცია არ იქნება, თუ საქართველოს მთავრობა დარჩება ამჟამინდელ ავტორიტარულ კურსზე. უნდა გაუქმდეს დისკრიმინაციული და გამყოფი კანონები, როგორიცაა გამჭვირვალობის/აგენტების კანონი და ანტი ლგბტქ ადამიანების კანონის პაკეტი“, - წერს რობინ ვაგენერი.

ცნობისთვის, გერმანია სრულად მხარს უჭერს ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებსა და შეფასებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ გავრცელებული ინფორმაციით დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ, რომლებიც უნდა მოგვარდეს და გამოსწორდეს. გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია“, - აცხადებენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

უწყების მტკიცებით, არჩევნების შედეგებისადმი მიდგომა და მთავრობის ფორმირება ასევე გავლენას მოახდენს საქართველოს მომავალ პროგრესზე ევროპისკენ მიმავალ გზაზე.