ჩვენი მომავალი ცივილიზებული სამყაროა და არა იზოლაცია, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან არჩევანი შვილთან - სოფო ჭყონიასთან ერთად გააკეთა.

როგორც ჭყონიამ აღნიშნა, მხარი საქართველოს ევროპულ მომავალს დაუჭირა.

„ჩვენ ვირჩევთ საქართველოში ახალ სისტემას, რაც ძალიან საინტერესოა. ცვლილებები უმნიშვნელოვანესია იმიტომ, რომ დღეს ეს ცვლილება თუ არ მოხდა, მერწმუნეთ, ჩვენი მომავალი არის გაურკვეველი. პირველი ის, რომ ასე ვთქვათ, ტოტალურ იზოლაციაში ვართ, არავინ გველაპარაკება და დღეს თუ არ გვესაუბრებიან, რატომ გგონიათ, რომ არასწორი არჩევანის შემთხვევაში დაგველაპარაკებიან? არალოგიკურია, ამიტომ სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს ჩვენ მათი თანამოქალაქეები ვართ. ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიოს მოქალაქე და არა მარტო საქართველოს.

თითოეული ადამიანის ხმა არის გადამწყვეტი. მწამს, რომ დღეს საქართველოს მოქალაქე არის მთავრობაც, პარლამენტიც, მმართველიც. ამიტომ, მწამს, საკუთარი თავისთვის სწორ არჩევანს გააკეთებს, ეს არის ევროპისკენ გზა. ჩვენი მომავალი ცივილიზებული სამყაროა და არა იზოლაცია. ჩვენ არავის წინააღმდეგი ვართ, საქართველოს მომავლის მომხრე ვართ ",-განაცხადა ჭყონიამ და დაამატა, რომ დღეს, თითოეული მოქალაქე, თითოეული ამომრჩეველი არის ქვეყნის მმართველი, სწორედ მის ხმაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი, წარმატება და იმიჯი.

"მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს მოქალაქის არჩევანს. ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, რა ქვეყანა ვართ ჩვენ. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქე, ამომრჩეველი არის იმ თანამედროვე შეხედულების თანამოზიარე, რაც არის მსოფლიოში.

ჩვენ ვირჩევთ ჩვენს მომავალს, მე ვირჩევ ევროპას, ვირჩევთ სტაბილურობას, ვირჩევთ კოალიციურ მმართველობას და ახალი მმართველობის სისტემას, რაც ძალიან საინტერესოა. თუ ცვლილება არ მოხდა, ჩვენი მომავალი გაურკვეველია. დღეს ტოტალურ იზოლაციაში ვართ და რატომ გგონიათ, რომ არასწორი არჩევანის შემთხვევაში დაგველაპარაკებიან?! - ეს არა ლოგიკურია. სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიოს მოქალაქეები და არა მარტო საქართველოსი“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ბიზნესმენი ამბობს, რომ არაჩვეულებრივი განწყობა აქვს და დარწმუნებულია, რომ საქართველო გაიმარჯვებს.

შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს.  ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით აძლევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი აკვირდება.

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნებიცაა. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარია, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ცესკოში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, რაც არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.