"ბოლოს და ბოლოს, ჩვენს კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის უფრო მეტ პასუხისმგებლობას როდის ავიღებთ?" - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ბოლოს და ბოლოს, ჩვენს კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის უფრო მეტ პასუხისმგებლობას როდის ავიღებთ? სანამ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მერყეობენ და ბჭობენ, საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე განხორციელებული თავდასხმის წინააღმდეგ აშშ შესაბამის ზომებს იღებს! მადლობა აშშ-ს! ქართველ თავისუფლებისთვის მებრძოლებს ახლა ვჭირდებით! - წერს მიხაილ როთი.

"ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციები დიდი ხანია აგვიანებს", - ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატი, მიხალ შჩერბა, სოციალურ ქსელში წერს და ევროკავშირს ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირებისკენ მოუწოდებს.

"აშშ-მა ივანიშვილს სანქციები დაუწესა.

ევროპულ საბჭოს დრო ეწურება! არ შეგვიძლია, ქართველი ხალხს იმედები გავუცრუოთ მათ სვლაში ევროპული მომავლისა და სამართლიანი ხელახალი არჩევნებისკენ.

ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციები დიდი ხანია აგვიანებს", - წერს X-ზე მიხალ შჩერბა.

"მაკ კეინის ინსტიტუტის" გლობალური პროგრამების ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი "ამერიკის ხმასთან" ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის არა მხოლოდ საქართველოში არადემოკრატიული ქმედებებისთვის, არამედ რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებისთვის ისჯება.

"ქართული ოცნება" ლამის სასაცილოც კია იმით, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოვა და მათ რაღაცნაირად გადაარჩენს. ეს ასე უბრალოდ არ მოხდება" - აცხადებს ლორა თორნტონი და ქართველ ოლიგარს რუსეთის აქტივად მოიხსენიებს. 

ვფიქრობ ამაში უფრო მეტი გზავნილია: რომ არ არის ხელშეუხებელი ბატონი, რომელიც სათავეშია. ის აბსოლუტურად ხელშესახები კაცია. ასევე, ამას მოჰყვება ძალიან პრაქტიკული ფინანსური შედეგები საქართველოსთვისაც, ეს კი გაცილებით უფრო ფართო იქნება, ვიდრე უშუალოდ ივანიშვილი.

იდეა ისაა, რომ თუ მათ სურთ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა, ახალი არჩევნების ჩატარებაში მონაწილეობა და წინ წასვლა, ცხადია, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ ამ სანქციების შესახებ ისაა, რომ ენტონი ბლინკენის განცხადება ძალიან კონკრეტული იყო იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ისჯება არა მხოლოდ საქართველოში არადემოკრატიული ქმედებებისთვის, არამედ რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებისთვის. აი, აქ კი ყველაფერი უფრო რთულდება და ვფიქრობ, აქედან შემოტრიალება უკვე რთული იქნება. არავინ სულელდება იმით, თითქოს "ქართული ოცნება" როგორღაც დამოუკიდებელია რუსეთისგან. ეს ძალიან ნათელია, ჩვენ ვგრძნობთ ამას და ვხედავთ, რომ ის მოქმედებს, როგორც რუსეთის აქტივი.

ვფიქრობ, "ქართული ოცნება" ლამის სასაცილოც კია იმით, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოვა და მათ რაღაცნაირად გადაარჩენს. ეს ასე უბრალოდ არ მოხდება. ბოლო დროს რესპუბლიკელების მიერ კონგრესში გაკეთებულ განცხადებებს თუ დააკვირდებით, ისინი საქართველოს შესახებ უფრო ხმამაღალ განცხადებებსაც კი აკეთებენ, ვიდრე - დემოკრატები. და ერთი საკითხი იმ ცოტა საკითხთაგან, რაზეც დემოკრატები და რესპუბლიკელები თანხმდებიან, არის ის, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა ავტოკრატიული მიმართულებით მიდის. საქართველოს მთავრობის მოლოდინები ძალიან უადგილოა." - აცხადებს ლორა თორნტონი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი (რესპუბლიკური პარტია) „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხს ეხმაურება.

როგორც მაკკოლი სოციალურ ქსელში წერს, ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

„მივესალმები „ქართული ოცნების“ მარიონეტების მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ უკვე დიდი ხანია საჭირო სანქციების დაწესებას. მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ საქართველოს ავტოკრატიისკენ ჩათრევისთვის და იმ ტრანსატლანტიკური მომავლისგან დაშორებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და რომელსაც იმსახურებს“, - წერს მაიკლ მაკკოლი.

დემოკრატიის მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციისა და ქართველი ხალხის უწყვეტ ერთგულებას მივესალმები, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, გრეგორი მიკსი (დემოკრატიული პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

„დემოკრატიისადმი ადმინისტრაციისა და ქართველი ხალხის უწყვეტ ერთგულებას მივესალმები და ვგმობ მათ, ვინც ცდილობს მას ძირი გამოუთხაროს“, - წერს გრეგორი მიკსი.

ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„31-ე დღე. ქართველები ევროპასთან არიან და არა რუსეთთან. ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში ძალაუფლების სხვა მიმტაცებლების წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესონ“, - წერს მარკო მიხელსონი.

მტკიცედ ვუჭერ მხარს ივანიშვილის წინააღმდეგ აშშ-ის ადმინისტრაციის სანქციებს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ბილ კიტინგი (დემოკრატიული პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ივანიშვილის ქმედებებმა უხეშად შეარყიეს საქართველოში დემოკრატია და ქვეყნის ევროკავშირისკენ გზა. მტკიცედ ვუჭერ მხარს მის წინააღმდეგ [აშშ-ის] ადმინისტრაციის სანქციებს, რათა ცხადი მესიჯი გავგზავნოთ ქართველი ხალხისადმი, რომელიც თავისუფალ და დემოკრატიულ მომავალს ეძებს,” - წერს კიტინგი.

როგორც იქნა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებს, ევროკავშირმა უნდა მიბაძოს! - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„როგორც იქნა! აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებს. ევროკავშირმა უნდა მიბაძოს! წევრი სახელმწიფოების ძვირფასო ლიდერებო, ძვირფასო კაია კალას და მარტა კოს: დროა ლიდერობა აჩვენოთ და თბილისში ჩახვიდეთ.

საქართველოს მომავალი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის," - წერს იუკნევიჩიენე.

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაადო ივანიშვილს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ევროკავშირის საბჭოს დრო ეწურება. არ შეგვიძლია ქართველი ხალხი დავაღალატოთ ევროპული მომავლისკენ და ხელახალი სამართლიანი არჩევნებისკენ მათ სწრაფვაში.

ივანიშვილისა და მისი მეგობრების წინააღმდეგ სანქციები დიდი ხნითაა დაგვიანებული," - წერს როიტენი.

შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის, დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ და მისი დემოკრატიული ევროპული მომავლისკენ, რაც მისი ხალხის მოთხოვნას პასუხობს," - წერს ბრაჟე.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილი როგორც რუსეთის აგენტი დაასანქცირა, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი, დენიელ ფრიდი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილი №14024 აღმასრულებელი ბრძანების ფარგლებში დაასანქცირა, რომელიც რუსეთის აგენტების წინააღმდეგაა მიმართული“, - წერს ფრიდი.

ევროკავშირმა იგივე უნდა გააკეთოს, რათა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხსა და მათ ბრძოლას დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის ლეგიტიმური ხელმძღვანელობის პირობებში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის მარიონეტი საქართველოში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის ღალატისთვის. ევროკავშირმა იგივე უნდა გააკეთოს (როგორც ევროპარლამენტმა მოუწოდა), რათა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხსა და მათ ბრძოლას დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის ლეგიტიმური ხელმძღვანელობის პირობებში,” - წერს კოლსი.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალისხმევები, მოხდეს საქართველოს მოქალაქეების ნების განადგურება და მარიონეტ სახელმწიფოდ გადაქცევა, უკიდურესად შემაშფოთებელია, - ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი, ტომ ტილისი (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

„რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალისხმევები, მოხდეს საქართველოს მოქალაქეების ნების განადგურება და მარიონეტ სახელმწიფოდ გადაქცევა, უკიდურესად შემაშფოთებელია. პუტინი და სი თითო-თითო ქვეყნით ცდილობენ საკუთარი მავნე გავლენის გავრცელებას და დემოკრატიის განადგურებას,” - წერს ტილისი.

არ დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს მეორადი სანქციები შემოღება შეუძლია მათ წინააღმდეგ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებენ, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„შეერთებულმა შტატებმა დიდი ნაბიჯი გადადგა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით. არ დაგვავიწყდეს, რომ [სახაზინო დეპარტამენტის] “უცხოური აქტივების კონტოლის ოფისს” მეორადი სანქციები შემოღება შეუძლია მათ წინააღმდეგ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებენ,” - წერს ლანდსბერგისი.

მივესალმები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, მას ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს, საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“მივესალმები დიქტატურის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. “რესპუბლიკელთა კვლევის კომიტეტთან” ერთად ამისკენ 2020 წელს მოვუწოდებდი. ივანიშვილს ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს. საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,” - წერს უილსონი.

როგორც იქნა! ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის მიერ იქნა დასანქცირებული, მივესალმები აშშ-ის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„როგორც იქნა! ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის მიერ იქნა დასანქცირებული. მივესალმები აშშ-ის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას. ის უკვეა ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის ნაციონალურ სასანქციო სიებში.

საუკეთესოა დროა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა სახელმწიფოებმა იგივე ნაბიჯი გადადგან. ლიეტუვა გვერდში უდგას ქართველ ხალხს!” - წერს ბუდრისი.

"დრო მოვიდა, ივანიშვილმა ფასი გადაიხადოს საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრისთვის, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

„ესტონეთმა ის და 27 სხვა პიროვნება დაასანქცირა საქართველოში ლეგიტიმური პროტესტების ჩახშობით ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობის გამო. გვიხარია, რომ სხვებიც მოგვყვებიან,” - წერს ცაჰკნა.

აშშ ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" ქმედებებმა ჩამოშალა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების შელახვას და აღკვეთა ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობის უფლება საქართველოში.

"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" ქმედებებმა ჩამოშალა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების შელახვას და აღკვეთა ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობის უფლება საქართველოში. გარდა ამისა, მათ ჩაუხერგეს გზა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს - მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილია და საქართველოს კონსტიტუციის მიერ არის დაკანონებული. შედეგად, საქართველო რჩება მოწყვლადი რუსეთის წინაშე, რომელსაც ამ დრომდე აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის ოც პროცენტზე მეტი.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ „ქართული ოცნების" ქმედებებს, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების, აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ. შეერთებული შტატები მტკიცედ აგრძელებს პასუხისმგებლობის დაკისრების ხელშეწყობას მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს ხელყოფს.

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება №14024 მუხლი 1(a)(ii)(C)-ის საფუძველზე, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად მისი ძლიერი ნაბიჯისთვის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო პუტინის კონტროლის ქვეშ მოაქციოს.

„ივანიშვილი დღეს თბილისის ფაქტობრივი მმართველია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო პუტინის კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ჩვენს რეგიონში ნებისმიერი ქვეყნის დაკარგვა, ერთი ხალხისთვის დემოკრატიის დანგრევა და დანაშაულებრივი რუსული გავლენის გავრცელება საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს, ყველა ხალხს.

უკრაინამ უკვე გამოიყენა სანქციების სრული კომპლექტი ივანიშვილისა და მისი მაფიოზური ჯგუფის მთავარი ფიგურების წინააღმდეგ. ახლა კიდევ ერთი მტკიცე ქმედება-ძლიერი ამერიკული სანქციები. და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ევროპელ პარტნიორს, ყველა პარტნიორს მსოფლიოში, ვინც აფასებს ხალხთა ნორმალურ ცხოვრებას და თავისუფლებას, გამოიყენონ სწორედ ასეთი სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, რათა მან გააცნობიეროს თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის განადგურებისა და ქართველი ხალხის დამცირების ფასი.

ჩვენ გვჯერა, რომ ვერც ერთი მაფიოზი ვერ შეძლებს თავისუფალი ხალხების ოჯახში, ევროპულ საზოგადოებაში ქართველი ხალხის თავისუფალ ცხოვრებაზე ოცნების მოპარვას”, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.