არ არსებობს ქართველი, რომელიც არ გაბრაზდება, როდესაც უცებ გრძნობს, რომ თავისუფალი ქვეყანა ეცლება ხელიდან და ვბრუნდებით რუსეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხალხის ნება როდესაც ვერ გამოიხატება იმ ერთადერთი ფორმით, რაც არსებობს დემოკრატიულ წყობაში - არჩევნებით და როდესაც ხალხს აქვს განცდა, რომ ხმა წაართვეს, გაერთიანებაზე საუბარი ძნელია.

მისივე თქმით, საზოგადოებამ ჯერ არჩევნების არალეგიტიმურობა იხილა, შემდეგ კი მანდატის არალეგიტიმურობა, რითაც “პრემიერმა ესოდენ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო”.

“დემოკრატიაში არსებობს ერთი კანონი და მთავარი განმსაზღვრელი, ეს არის ხალხის ნება. როდესაც ხალხის ნება ვერ გამოიხატება იმ ერთადერთი ფორმით, რაც არსებობს დემოკრატიულ წყობაში - არჩევნებით და როდესაც ხალხს აქვს განცდა, რომ არჩევნები და ხმა წაართვეს, ძნელია გაერთიანებაზე ისაუბრო. მაგრამ რჩება პრეზიდენტის როლი, რომ გახდეს ამ გაერთიანების ერთ-ერთი გზა. ასეთი გზა არსებობს ერთი - ეს არის არჩევნების გამეორება მაშინ, როდესაც არჩევნებმა გამოიწვია ის, რაც ვნახეთ - მასიური პროტესტი. ხალხი ვერ ხედავს, რომ მისი ხმა იყო ასახული ამ არჩევნებში და ასევე, არჩევნების მერე მოხდა ის, რომ მისთვის არალეგიტიმურმა პარლამენტმა აირჩია ერთპარტიული მთავრობა. პრაქტიკულად მთელი ქვეყანა, ყველა ინსტიტუცია, გარდა პრეზიდენტისა ერთი პარტიის ხელშია და იმ ერთი პარტიის მთავრობამ და პრემიერმა აიღო თავის ხელში და გადაწყვიტა, რომ ქვეყნის კურსი შეცვალოს, გააჩეროს მსვლელობა საქართველოსი, რომელიც ბოლო პერიოდში აჩქარდა და უფრო იმედიანი გახდა, ვიდრე წინა წლებში.

არავის აქვს მანდატი იმისთვის, რომ ეს შეცვალოს. კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ ამ ქვეყნის ყველა ინსტიტუტი ვალდებულია, ყველა ზომა გამოიყენოს, რომ ეს ევროატლანტიკური კურსი დააჩქაროს. ზედიზედ მივიღეთ ერთი - არჩევნების არალეგიტიმურობა და მეორე- მანდატის არალეგიტიმურობა, რითაც პრემიერმა მიიღო ესოდენ განსხვავებული გადაწყვეტილება. რომელიც აღქმულია საზოგადოებაში, როგორც საქართველოს მიბრუნება რუსეთისკენ.

ნიშანდობლივია, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ცუდად იყო მიღებული პარტნიორებიდან, დააფასა ჯერ პუტინმა შემდეგ მედვედევმა, პესკოვმა, დუგინმა. მთელი რუსეთის ლიდერებმა მიულოცეს პრემიერს ასეთი გადაწყვეტილება, რაც ჩვენთვის რევოლუციაა. 30 წელი და არა მხოლოდ, ამ მიმართულებით მივდიოდით. 2 საუკუნე და მეტია, რაც საქართველოს საზოგადოება და ელიტა სხვადასხვა ფორმით იბრძოდნენ და იბრძვიან, რომ საქართველო გამოეყოს რუსეთის გავლენასა და კონტროლს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.

როგორც მან განაცხადა, მას შემდეგ, როდესაც პრემიერი გადადგება, 2 კვირაში პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს არჩევნები.

"პრემიერი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა კრიზისი და მხოლოდ იცის ხალხის მიმართ მუქარა და რაღაცები და არანაირად პოლიტიკური კომპრომისის ძებნა, უნდა იყოს შეცვლილი და როგორც კი გადადგება ეს პრემიერი, 2 კვირაში მე უნდა დავნიშნო არჩევნები.

უნდა იყოს ერთად მოლაპარაკებული, როგორ უნდა ჩატარდეს შემდეგი არჩევნები. ეს არის კომპრომისი, ეს არის დეპოლარიზაცია, ეს არის ქვეყნისთვის გამოსავალი, ეს არის სტაბილურობა, ეს არის მშვიდობა, ეს არის ქვეყნის მომავალი, რომელიც იქნება ურყევი, თავისუფალი და დემოკრატიული", -აღნიშნა პრეზიდენტმა.

წყარო: ipn.ge