ახლახანს გამოქვეყნდა ოფიციალური მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ჯამში 497 მლნ აშშ დოლარამდე უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარით  ჩამორჩება. გასული წლის პირველ კვარტალში ჯამში 575 მლნ აშშ დოლარზე მეტი შემოვიდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ერთჯერადი ფაქტორით იყო განპირობებული, კერძოდ, ესპანური კომპანიის მხრიდან GWP-ის 180 მლნ დოლარის ღირებულების წილის შესყიდვით.

ზოგადად სტატისტიკა ძალიან მარტივი საშუალებაა მანიპულირებისთვის. როდესაც ქვეყანაში ინვესტიციების მაჩვენებელი მცირეა, ამ დროს ერთი მსხვილი ტრანზაქციაც კი სიტუაციას რადიკალურად ცვლის, როგორც ეს გასული წლის პირველ კვარტალში მოხდა. ცხადია, რომ ეს ტენდეცია სტაბილურად ვერ გაგრძელდებოდა და სწორედ ამიტომ მივიღეთ უკვე მიმდინარე წელს ინვესტიციების 80 მლნ აშშ დოლარით შემცირება.

თუმცა ეს ყველაფერი არაა, აქ მეორე საკითხია რეალურად რა მოცულობის ახალი ინვესტიცია შემოდის საქართველოში. მაგალითად 2022 წელს საქართველოში ჯამში 2 მილიარდ დოლარამდე უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, საიდანაც მილიარდ 290 მილიონი დოლარი რეინვესტირებაზე მოდიოდა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გასული წელს შემოსული 2 მილიარდის ინვესტიციიდან 60%-ზე მეტი იყო უკვე ძველი ინვესტორების მხრიდან მოგების არ გატანა და წარმოებაში ჩაბრუნება. ახალი ინვესტიციის სახით კი თანხის მხოლოდ 40% შემოვიდა. ცხადია, რეინვესტირებაში ცუდი არაფერია, თუმცა ის ფაქტი, რომ ახალი ინვესტორების შემოსვლის მაჩვენებელი მცირეა, ეს უკვე საინვესტიციო გარემოს განვითარებაზე კითხვის ნიშნებს ბადებს. მართალია, პირველ კვარტალში რეინვესტირების წილი შემცირებულია, თუმცა ჯერ კიდევ 3 კვარტალია დარჩენილი და ერთი კვარტლით რაიმეზე მსჯელობა აზრს მოკლებულია.

უცხოური ინვესტიციების მცირე მოცულობას და ახალი ინვესტორების დაბალ აქტივობას ასევე ემატება სტრუქტურული გამოწვევებიც.  უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მთავარი საინვესტიციო სექტორი საფინანსო სექტორია. მაგალითად, 2022 წელს ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია 526 მლნ დოლარის სახით სწორედ ამ სექტორში განხორციელდა. უცხოური ინვესტიციების სექტორული განაწილება გვიჩვენებს, რომ ინვესტიციები რეალურ სექტორში უმნიშვნელოდ ხორციელდება. რეალური სექტორი კი ის სექტორია, სადაც იქმნება დამატებით ღირებულება, ხორციელდება გრძელვადიანი ინვესტიციები, იზრდება დასაქმების მაჩვენებელი და ასე შემდეგ. თუმცა, ჩვენთან ინვესტიციები რეალურ სექტორში როგორც აღვნიშნე, უმნიშვნელოა.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ის პრობლემები, რომლებიც ზემოთაა ჩამოთვლილი არ მოიცავს მოკლევადიან პერიოდს, გამომდინარე იქიდან რომ აღნიშნული გამოწვევები წლებია საქართველოში არსებობს.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე