რამდენიმე დღეში — 2025 წლის 25 სექტემბერს — მსოფლიოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მეოთხე, უმაღლესი დონის შეხვედრაზე შეიკრიბებიან, რომელიც არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის საკითხებს ეძღვნება. შეხვედრაზე მოსალოდნელია ყოვლისმომცველი პოლიტიკური დეკლარაციის მიღება მოქმედების დაჩქარებისა და გლობალური რესურსების მობილიზების შესახებ, რათა ჯანმრთელობისა და განვითარების ეს მწვავე გამოწვევები გადაწყდეს.
„არაგადამდები დაავადებები და ფსიქიკური აშლილობები ფარული საფრთხეებია, რომლებიც კლავს და ხელს უშლის ინოვაციებს, - აღნიშნა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა, - ჩვენ გვაქვს სიცოცხლის გადარჩენისა და ტანჯვის შემცირების გზები. არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში ინვესტირება არა მხოლოდ გონივრული ეკონომიკური არჩევანია, არამედ გადაუდებელი აუცილებლობა და საზოგადოების კეთილდღეობის წინაპირობაა“.
არაგადამდები დაავადებები მოიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს (მათ შორის გულის შეტევებს და ინსულტებს), კიბოს, ქრონიკულ სასუნთქ დაავადებებს (მათ შორის ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას და ასთმას), დიაბეტს და სხვა რიგ დაავადებებს. ფსიქიკური აშლილობები, მათ შორის შფოთვითი და დეპრესიული აშლილობები, ფართოდაა გავრცელებული ყველა ქვეყანასა და მოსახლეობის ჯგუფში, ასაკისა და შემოსავლის დონის მიუხედავად. როგორც ჯანმო აცხადებს, გადაუდებელი და სისტემატური ქმედებების გარეშე, ეს მდგომარეობები მილიონობით ადამიანის ნაადრევ სიკვდილს გამოიწვევს.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ 2010-დან 2019 წლამდე ქვეყნების უმეტესობამ პროგრესი განიცადა არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის რისკის შემცირებაში, თუმცა ქვეყნების 60%-ში ეს ტენდენცია წინა ათწლეულთან შედარებით შენელდა.
ამ დადებითი ტენდენციის მთავარი მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და გარკვეული სახის კიბოს შემთხვევების შემცირება იყო, ეს განსაკუთრებით ეხება კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს მამაკაცებსა და ქალებში, საშვილოსნოს ყელის და სარძევე ჯირკვლის კიბოს ქალებში, ხოლო ფილტვისა და პროსტატის კიბოს მამაკაცებში. თუმცა, ბევრ ქვეყანაში გაიზარდა სიკვდილიანობა პანკრეასისა და ღვიძლის კიბოთი, ასევე ნევროლოგიური დაავადებებით.
ჯანმოს განცხადებით, არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად არსებობს მრავალი ხელმისაწვდომი და ეფექტური გადაწყვეტა. თუმცა, მთავრობის ძალისხმევას ხშირად ეწინააღმდეგება არაჯანსაღი პროდუქტების მწარმოებლების გავლენიანი ლობი. თამბაქოს, ალკოჰოლის და ძლიერად გადამუშავებული საკვების მწარმოებელი კომპანიები ხშირად ცდილობენ ძირი გამოუთხარონ, შეასუსტონ ან გადადონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ზომების განხორციელება - არაჯანსაღი პროდუქტების დაბეგვრიდან დაწყებული მათი მარკეტინგის შეზღუდვით დამთავრებული არასრულწლოვანთა დასაცავად.
„კომერციული მოგებისკენ სწრაფვის გამო ავადობისა და სიკვდილიანობის ზრდა მიუღებელია. მთავრობებმა ადამიანები მოგებაზე წინ უნდა დააყენონ“, - განაცხადა დოქტორმა ეტიენ კრუგმა, ჯანმო-ს ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ფაქტორების, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის დეპარტამენტის დირექტორმა.
საფთხეების გასანეიტრალებლად ჯანმო-ს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მოიცავს ალკოჰოლური სასმელების დაბეგვრას, ბავშვების დაცვას მავნე პროდუქტის მარკეტინგისგან, ჰიპერტენზიის მკურნალობას და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის გაფართოებას, რაც ჯამში ხარჯების საშუალოდ 3 აშშ დოლარით ზრდას ნიშნავს ერთ სულ მოსახლეზე. თუმცა, ეს ინვესტიციები მნიშვნელოვან შემოსავალს გვპირდება: სრულად განხორციელების შემთხვევაში, 2030 წლისთვის ისინი ხელს შეუწყობენ 12 მილიონი სიკვდილის, 28 მილიონი გულის შეტევისა და ინსულტის და 150 მილიონი ჯანსაღი ცხოვრების წლის დაკარგვის თავიდან აცილებას, რაც 1 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტ ეკონომიკურ სარგებელს გამოიმუშავებს.
არაგადამდები დაავადებებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის მეოთხე მაღალი დონის შეხვედრა ათწლეულის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა, რომელიც პოლიტიკის შემქმნელებს ფუნდამენტური ცვლილებების მიღწევის შანსს აძლევს. მათ უნდა დასახონ მიზნები მომავალი ათწლეულებისთვის და ახალი კურსი დასახონ სიცოცხლის გადასარჩენად და მომავალი თაობების კეთილდღეობის გასაძლიერებლად.