ჰემოროიდული დაავადების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ჯანსაღი კვება, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ნიუ ჰოსპიტალსის“ პროქტოლოგმა მამუკა გრიგალაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სასურველია პაციენტმა პირველივე ნიშნებისას  მიაკითხოს ექიმს, ვინაიდან უკანა ტანის არეში არის სხვა დაავადებებიც, რომელთა სიმპტომები რაღაც ეტაპზე ემთხვევა ბუასილის სიმპტომებს, მაგრამ ესაჭიროება შესაბამისი მკურნალობა და ინდივიდუალური მიდგომა, რომ არ მოხდეს მათი კიდევ უფრო გართულება.

„კომერსანტი“ მამუკა გრიგალაშვილს ბუასილის სიმპტომებზე, რისკ ჯგუფებსა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე ესაუბრა.

  • რა არის ბუასილი და რა ფუნქცია აქვს ჰემოროიდულ კომპლექსს ჩვენს ორგანიზმში?

ბუასილი, იგივე ჰემოროიდულ კომპლექსი  წარმოადგენს ვარიკოზულად გაგანიერებულ ადგილს, სადაც ხდება არტერიების და ვენების შერწყმა,ის ასრულებს საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ჩვენს ორგანიზმში, ჰერმეტიზმის ხარჯზე სხვა ანატომიურ სტრუქტურებთან ერთად, ხელს უწყობს აირების, თხიერი განავლოვანი მასების შეკავებას.

გარკვეული ფაქტორების  ხარჯზე ირღვევა სწორი ნაწლავის სისხლძარღვებში სისხლის გადინება , ხდება შეგუბება, სისხლძარღვთა კედელი თხელდება, ქვეითდება ელასტიურობა, ადვილად ატარებს სისხლს, კვანძი იმატებს მოცულობაში, დეფეკაციის დროს იწყებს პროლაბირებას (გარეთ გამოვარდნას), შესაბამისად, უკვე გადასულია დაავადებაში, რომელსაც ახასიათებს მთელი რიგი არასასიამოვნო ჩივილები.

  • რამდენად საშიშია ბუასილი და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?

დროთა განმავლობაში სისხლდენის სიხშირის და მისი ინტესივობის გაზრდის ფონზე, შეიძლება განვითარდეს მეორადი ანემია, რომელსაც თან ახლავს მთელი რიგი გართულებები.

მეორე გართულება ეს არის თრომბოზი,  როცა ხდება ჰემოროიდულ კვანძებში სისხლის შეგუბება, სფინქტერი ახორციელებს მასზე ზეწოლას მოჭერის სახით (განსაკუთრებით თუ პაციენტი მიმართავს ცივ პროცედურებს, როგორიცაა ყინულის დადება და სხვა), ამ დროს პაციენტს აღენიშნება მკვეთრი დისკომფორტი და ტკივილი.

ბუასილის გართულებული ფორმების შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნას, რის გამოც პაციენტი ახორციელებს მთელ რიგ პროცედურებს მათი უკან დაბრუნების მიზნით, ხდება ცხოვრების ხარისხის მკვეთრი დაქვეითება, რასაც თან ახლავს შრომის უნარის გაუარესება.

  • რომელი ასაკობრივი ჯგუფები შედიან ბუასილით ავადობის რისკ-ჯგუფებში?

ბუასილი ძირითადად თავს იჩენს 35-40- წლიდან, 50 წელზე მეტ ასაკში სტატისტიკურად აღენიშნება დაახლოებით 40 %-ს, მამაკაცებში და ქალებში გვხდება თანაბარი თანაფარდობით.

  • როგორია ჰემოროიდული დაავადების სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მიაკითხოს პაციენტმა ექიმს?

ეს სიმპტომებია: დისკომფორტი, წვა და ქავილი უკანა ტანის არეში, სისხლიანი გამონადენი წვეთების ან ნაკადის სახით, სიმძიმის და უცხო სხეულის შეგრძნება. გართულების შემთხვევაში (თრომბოზი) ტკივილი. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ადგილი აქვს კვანძების გამოვარდნას დეფეკაციის დროს (ზოგჯერ სიმძიმის აწევის ან სიარულის დროსაც), გამონადენს ლორწოს სახით, არასრული დაცლის შეგრძნებას დეფეკაციის დამთავრების შემდეგ. ხანდაზმულ ასაკში გახანგრძლივებულმა ბუასილმა შეიძლება გამოიწვიოს ანალური სფინქტერის უკმარისობა, ნაწლავის შიგთავსის შეუკავებლობა.

სასურველია, პაციენტმა პირველივე ნიშნებისას  მიაკითხოს ექიმს, ვინაიდან უკანა ტანის არეში არის სხვა დაავადებებიც (ანალური ნაპრალი, აბსცესი, სიმსივნე და ა.შ), რომელთა სიმპტომები რაღაც ეტაპზე ემთხვევა ბუასილის სიმპტომებს, მაგრამ ესაჭიროება შესაბამისი მკურნალობა და ინდივიდუალური მიდგომა, რომ არ მოხდეს მათი კიდევ უფრო გართულება.

  • რა გამოკვლევები ტარდება ბუასილის დასადგენად?

დაავადება ძირითადად დგინდება ანამნეზის და თითით გასინჯვის ხარჯზე, კეთდება პროქტოსკოპია ან რექტოსკოპია, საჭიროების შემთხვევაში კი კოლონოსკოპია.

  • როგორ ხდება ბუასილის მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით ნიუ ჰოსპიტალსში?

პირველი და მეორე სტადიის დროს რეკომენდებულია კონსერვატიული მკურნალობა-ვენოტონური მედიკამენტებით, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მალამოებით და სანთლებით.

საშუალო ზომის ჰემოროიდული კვანძების შემთხვევაში ნიუ ჰოსპიტალსში კეთდება ოპერაციები მცირე ინვაზიური მეთოდებით.

პირველი მეთოდი, ეს არის ოპერაცია ჰემოროიდული კვანძების დეზარტერიზაცია (HaL RAR), როცა ხდება ჰემოროიდული კვანძების მკვებავი ფეხის გადაკვანძვა, რის ხარჯზეც ადგილი აქვს ჰემოროიდების განლევას;

მეორე მეთოდი კი არის ლაზერული ჰემოროიდოპლასტიკა (LHP®), რა დროსაც ადგილი აქვს ჰემოროიდული კვანძების ლორწქვეშა თერმოდესტრუქციას დიოდური ლაზერის დახმარებით. ორივე შემთხვევაში პოსტოპერაციული პერიოდი მიმდინარეობს გაცილებით იოლად, ჭრილობების არ არსებობის გამო.

შორსწასული ჰემოროიდული დავადების დროს, როცა ჰემოროიდული კვანძები ვარდებიან ყოველი დეფეკაციის დროს, რეკომენდებულია ოპერაცია ტრადიციული მეთოდით.

  • როგორია პოსტოპერაციული სარეაბილიტაციო პერიოდი?

პოსტოპერაციული პერიოდი ინდივიდუალურია, სრულ შეხორცებას ესაჭიროება 1.5-2 თვე, თუმცა ფიზიკური აქტივობა გაძნელებულია  საშუალოდ 1-დან 3 კვირამდე.

  • როგორ მოვიქცეთ, რომ ბუასილი თავიდან ავიცილოთ?

შესაბამისი რაოდენობის წყლის მიღება ხელს უწყობს განავლის დარბილებას, რაც ამცირებს ბუასილის კვანძებზე დატვირთვას. დღეში დაახლოებით 2 ლიტრი წყლის მიღებაა რეკომენდებული. სასურველია ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავება: ფეხით სიარული, ცურვა, უნდა მოერიდოთ ხშირ ჯდომას და სიმძიმეების აწევას.

ასევე, ჯანსაღი კვება უმნიშვნელოვანესია ჰემოროიდული დაავადების პროფილაქტიკის კუთხით, აუცილებელია ბოჭკოებით მდიდარი საკვების მიღება, დღეში საშუალოდ 30 გრამი. ბოჭკოს კარგი წყაროა ხილი, ბოსტნეული, თხილეული. აკრძალულია  მარილიანი, ცხარე, ცხიმიანი პროდუქტის მიღება, ღორის და ცხვრის ხორცი, ალკოჰოლი (განსაკუთრებით შავი ღვინო და ლუდი), ნიგოზი, წიწაკა, აჯიკა, ნიორი. უნდა მოერიდოთ საკვებს, რომელიც ხელს უწყობს აირების დაგროვებას: კომბოსტო, ბოლოკი, ლობიო, ბადრიჯანი, გაზიანი სასმელი და ა.შ.