ბარიატრიულ ქირურგიას წონის დაკლების ქირურგიასაც უწოდებენ. ასეთი ოპერაციების დროს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ისეთი ტიპის ქირურგიული ცვლილებები კეთდება, რომლის შემდეგაც პაციენტები წონაში იკლებენ. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბარიატრიული ქირურგი გია მოსიაშვილი ამბობს, მსოფლიოში პირველი ბარიატრიული ოპერაციები ჯერ კიდევ წინა საუკუნის მეორე ნახევრიდან ტარდებოდა. მაშინ ოპერაციები ტრადიციული ღია ქირურგიული წესით სრულდებოდა, რაც პოსტოპერაციული გართულებების რისკს, მათ შორის სიკვდილიანობას, ზრდიდა. მისი თქმით, ლაპაროსკოპიული აპარატურისა და ქირურგიული უნარების განვითარებამ ბარიატრიული ოპერაციების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლა გამოიწვია და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.
„კომერსანტი“ გია მოსიაშვილს მორბიდულ სიმსუქნის რისკებზე, ბარიატრიულ ოპერაციების ჩვენებებსა და „ნიუ ჰოსპიტალსში“ ბარიატრიული ქირურგიის შესაძლებლობებზე ესაუბრა.
როდის დაიწყო საქართველოში ბარიატრიული ოპერაციების ჩატარება და რამდენად მზარდია მოთხოვნა?
გია მოსიაშვილი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბარიატრიული ქირურგი: დაახლოებით 10 წელია, რაც საქართველოშიც აქტიურად დაიწყო მორბიდული სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობა. დღეს მსოფლიოში სიმსუქნე აღიარებულია ყველაზე დიდ არაინფექციურ ეპიდემიად. შესაბამისად, იმ პაციენტების რიცხვი, ვისაც ბარიატრიული ქირურგიის დახმარება ესაჭიროება, მზარდია. ზუსტად ამის გამოა, რომ ბოლო წლებში ტერმინი ბარიატრიული ქირურგია გასცდა პროფესიული წრეების ფარგლებს და უფრო ხშირად გაიგონებთ ყოველდღიურ საუბარში.
რა რისკები ახლავს თან მორბიდულ სიმსუქნეს, რა დაავადებებს იწვევს და რამდენად საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის?
სიმსუქნე არის წინაპირობა ისეთი დაავადებების განვითარებისთვის, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ჰიპერტონული დაავადება, კარდიოვასკულური დაავადებები, ინსულტი, ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი ჰეპატიტი, მსხვილი სახსრების ართრიტები, ძილის აპნოე და ა. შ. ხაზგასასმელია ისიც, რომ მორბიდულ მსუქან პაციენტებში მაღალია ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკიც. ყველა ჩამოთვლილი დაავადება სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ, ჩვენთან მოსვლისას პაციენტებში, როგორც წესი, უკვე განვითარებულია რომელიმე თანმხლები დაავადება.
როგორ დგინდება არსებობს თუ არა ქირურგიული მკურნალობის საჭიროება და რა შემთხვევაში ეუბნებიან პაციენტს უარს ასეთი ოპერაციის ჩატარებაზე?
მორბიდულად მსუქანია ადამიანი, ვისი სხეულის მასის ინდექსიც აღემატება 40-ს. სხეულის მასის ინდექსის დასადგენად სხეულის მასა უნდა გავყოთ სიმაღლის კვადრატზე. პაციენტები პათოლოგიურ სიმსუქნესთან ბრძოლას, რა თქმა უნდა, პირდაპირ ბარიატრიული ქირურგიით არ იწყებენ. ისინი, როგორც წესი, წლების განმავლობაში ებრძვიან სხეულის ზედმეტ წონას, ყველა შესაძლო მეთოდით - დიეტით, ვარჯიშით, მედიკამენტებით. კვლევები გვიჩვენებს, რომ მორბიდულად მსუქან პაციენტებში ბარიატრიული ოპერაცია რჩება ყველაზე ეფექტურ მკურნალობის საშუალებად.
ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტებს მხოლოდ სხეულის ოპტიმალური წონის მიღწევა უნდა და გამოთქვამენ ბარიატრიული ოპერაციული მკურნალობის სურვილს. ასეთ პაციენტებს, რა თქმა უნდა, უარს ვეუბნებით ოპერაციაზე. ბარიატრიულ ოპერაციებს აქვს თავისი მკაცრი ჩვენებები.
მორბიდული სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობის რა შესაძლებლობები არსებობს „ნიუ ჰოსპიტალსში“ და რა განსხვავებაა ამ ოპერაციებს შორის?
ბარიატრიული ქირურგიის განვითარების გზაზე ნაცადი იქნა ბევრი სხვადასხვა ტიპის ოპერაცია. არადადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, ბევრი მათგანი უარყოფილია და აღარ გამოიყენება პათოლოგიური სიმსუქნის სამკურნალოდ. ბარიატრიული ოპერაციებიდან დღეისათვის ყველაზე მეტად გავრცელებულია სლივ-გასტრექტომია და კუჭის შუნტირების ოპერაციები.
სლივ-გასტრექტომიის, იგივე კუჭის ვერტიკალური რეზექციის, დროს ხდება კუჭის მოცულობის დაპატარავება კუჭის გამობურცული ნაწილის მოცილების გზით;
კუჭის შუნტირების, იგივე ბაიპასის ოპერაციების დროს ხდება როგორც კუჭის დაპატარავება, ისე საჭმლის მომნელებელი სისტემიდან წინასწარ განსაზღვრული სიგრძის წვრილი ნაწლავის გამოთიშვა.
ოპერაციის მეთოდის არჩევისას გასათვალისწინებელია როგორც პაციენტის სხეულის მასის ინდექსი, ასევე მისი თანმხლები დაავადებები, გენეტიკური მონაცემები და სოციალური პირობები. ყველა პაციენტთან საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა და ოპერაციული მკურნალობის სწორი მეთოდის შერჩევა.
„ნიუ ჰოსპიტალში“ შესაძლებელია ორივე ტიპის ბარიატრიული ოპერაციების ჩატარება.
რა დადებითი მხარეები და რისკები ახლავს თითოეულ მათგანს?
პირდაპირ ბარიატრიული ოპერაციების მეთოდების შედარება არ იქნება სწორი. გამართლებულია მიდგომა - სწორი ოპერაცია სწორ პაციენტს. მიჩნეულია, რომ სლივ-გასტრექტომია არის ფიზიოლოგიურ ოპერაცია და პაციენტს რეაბილიტაციის შემდეგ არ ესაჭიროება დამატებითი მედიკამენტების მიღება. მეორე მხრივ, კუჭის შუნტირების ოპერაციები ზედმეტი წონის შედარებით მეტი პროცენტის დაკლებით გამოირჩევიან.
დღეისათვის ბარიატრიული ოპერაციები სრულდება ლაპაროსკოპიული მეთოდით, რაც გაცილებით ამცირებს პაციენტის ოპერაციული და პოსტოპერაციული გართულებების რისკს. რა თქმა უნდა, მულტიდისციპლინარული გუნდი დეტალურად სწავლობს მორბიდული სიმსუქნით დაავადებული პაციენტების ანალიზებს, ოპერაციამდე ხდება ყველა შესაძლო გართულების გააზრება და პრევენცია. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტები რამდენიმე თვე ემზადებიან ოპერაციისთვის. მიუხედავად ამისა, როგორც ყველა ოპერაციას, ბარიატრიულ ოპერაციასაც შესაძლებელია ჰქონდეს გართულება. მაგალითად, ალერგიული რეაქციები, სისხლდენა, ნაკერების უკმარისობა. კარგად დაგეგმილი წინასაოპერაციო მომზადება, სწორად შერჩეული ოპერაციის მეთოდი და პაციენტის პოსტოპერაციული მართვა წარმატებული ოპერაციული მკურნალობის წინაპირობაა.
რამდენი ხანი გრძელდება პოსტოპერაციული პერიოდი და რა შედეგები აქვს ამ ოპერაციებს?
ოპერაციის შემდეგ, პაციენტები საავადმყოფოში ორი-სამი დღე რჩებიან. ოპერაციიდან მეორე დღეს ისინი უკვე იღებენ თხიერი საკვებს. 7-10 დღის შემდეგ პაციენტების რაციონს ემატება ფაფისებური საკვებიც. პირველი თვის ბოლოს უკვე შესაძლებელია მკვრივი საკვების მიღებაც. პაციენტების უმრავლესობა, ერთი თვის შემდეგ, უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს ახალი კვებითი ჩვევებით.
პაციენტების უმრავლესობა ოპერაციიდან პირველ თვეებშივე საგრძნობლად იკლებს წონაში. სტატისტიკურად დათვლილია, რომ 6 თვიდან 2 წლამდე პერიოდში პაციენტები იკლებენ ზედმეტი წონის 60-90%-ს. ბევრი მათგანი ამ პროცესს „თავიდან დაბადებას“ უწოდებს. ოპერაციის შემდეგ, თანმხლები დაავადებები „უკვალოდ“ ქრება, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ხდება დაავადების რემისიაში გადასვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დიაბეტით გამოწვეული სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის. პაციენტების უმრავლესობა ოპერაციიდან უკვე ერთ თვეში ფიზიკურ აქტივობას იწყებს და უმჯობესდება შრომისუნარიანობა.
„ნიუ ჰოსპიტალსში“ ბარიატრიულ ქირურგიაზე სპეციალური პრირობები და უპრეცედენტო ფასდასკლება მოქმედებს. აქცია სექტემბრის ბოლომდე გაგრძელედბა და სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ვისაც აწუხებს ჭარბი წონა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები. აქციის ფარგლებში პაციენტების უფასო კონსულტაციას გაივლიან ბარიატრიულ ქირურგ, გია მოსიაშვილთან. ასევე, მიიღებენ ფასდაკლებას ოპერაციასა და ოპერაციის შემდგომ მეთვალყურეობის სრულფასოვან მომსახურებაზე.