აუდიომეტრიის საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს როგორც სმენის დაქვეითების ხარისხი, ასევე მისი ტიპი და დაზიანების ლოკაცია, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ნიუჰოსპიტალსის“ ოტორინოლარინგოლოგმა ინგა გოგიამ განაცხადა.

მისი თქმით, აუდიომეტრია უსაფრთხო, არაინვაზიური კვლევის მეთოდია.

„კომერსანტთან“ ინგა გოგიამ აუდიომეტრიის მნიშვნელობაზე, დიაგნოსტირებაზე, სმენის სკრინინგზე და სმენის დაქვეითების თავიდან აცილების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

  • რა არის აუდიომეტრია და რატომ არის მნიშვნელოვანი ეს კვლევა?

აუდიომეტრია არის სმენის გამოკვლევის მეთოდი, რომელიც გამოიყენება სმენის ფუნქციის შესაფასებლად. აუდიომეტრიის მეთოდები მოიცავს ტონალურ აუდინომეტრიას, მეტყველებით აუდინომეტრიას და ტინპანომეტრიას.

ტონალური აუდიომეტრია - სმენის სიმახვილის განსაზღვრის საშუალებას იძლევა ხმის სიგნალის სხვადასხვა სიხშირის პირობებში.

როდის არის საჭირო კვლევა და რა მდგომარეობების დიაგნოსტირებასა და მონიტორინგში ეხმარება?

აუდინომეტრია ტარდება შუა და შიგნითა ყურის სხვადასხვა დაავადებებისას, რომელთაც შეიძლება სმენადობის გაუარესება გამიწვიონ. ასევე ნერვული სისტემის დაავადებებისას, როდესაც ზიანდება სმენის ნერვები ან სმენაზე პასუხისმგებელი ტვინის ზონები.

კვლევა საჭიროა ასევე, ყურისა და თავის ტრავმებისას, რამაც შეიძლება სმენა დაარღვიოს. საჭიროა აუდიომეტრია ჩაუტარდეს ისეთ ადამიანებს, რომლებიც პროფესიული დაავადებების რისკის ქვეშ არიან. გარდა ამისა, კვლევა ტარდება სმენის აპარატის შერჩევისას.

  • რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება - რა შეიძლება მიანიშნებდეს სხვადასხვა ტიპის სმენის დაქვეითებაზე?

სმენის დაქვეითებაზე შეიძლება მიანიშნებდეს შემდეგი სიმპტომები: გამახვილებული სმენა ცალ ყურში, სმენის გაძნელება ხმაურიან გარემოში, ბგერების გარჩევის გაძნელება, მამაკაცის ხმის უფრო კარგად აღქმა ვიდრე ქალის, ყურის დაგუბება, ტინიტუსი და სხვა.

  • რა ტიპის აუდიომეტრიული კვლევები ტარდება ნიუ ჰოპიტალსში?

ნიუჰოსპიტალსში ტარდება  ტონალური აუდიომეტრია და ტიმპანომეტრია. გამოკვლევა ადგენს სმენის დაქვეითების გამომწვევ მიზეზს და დაზიანების ხარისხს.

  • ვისთვის არის რეკომენდებული სმენის სკრინინგი და ვინ არიან რისკ-ჯგუფები?

სმენის სკრინინგი სასურველია პაციენტებმა ჩაიტარონ რეგულარულად სმენის დაქვეითების ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით. პირველ რიგში სმენის სკრინინგი უტარდება ახალშობილებს. გარდა ამისა, სმენის სკრინინგი რეკომენდებულია: 5 წლიდან 40 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის ყოველ 3-5 წელიწადში ერთხელ. სმენის სკრინინგი 40-59 წლის ასაკის პაციენტებისთვის 1-3 წელიწადში ერთხელ არის სასურველი, ხოლო 60 წლიდან ყოველწლიურად.

სკრინინგი საჭიროა ასევე, ჩაუტარდეთ ყოველწლიურად ისეთ ადამიანებს, რომლებიც პროფესიული დაავადებების რისკის ქვეშ არიან. სკრინინგს ექიმი უნიშნავს ასევე პაციენტს ოტოტოქსიური პრეპარატების მიღებისას და სხვა.

  • რა დარღვევების აღმოჩენა არის შესაძლებელი აუდიომეტრიის მეშვეობით?

აუდიომეტრიის საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს როგორც სმენის დაქვეითების ხარისხი, ასევე მისი ტიპი და დაზიანების ლოკაცია. სმენის დაქვეითების ხარისხის გარკვევის შედეგად, შეგვიძლია პაციენტს შევურჩიოთ სმენის აპარატი.

აუდიომეტრიის სხვადასხვა ტიპის კვლევებით განისაზღვრება სმენის დაქვეითება გამოწვეულია გარეთა და შუა ყურის დაზიანებით თუ შიგნითა ყურის დაზიანებით. თუმცა შესაძლებელია პაციენტს დაუდგინდეს შერეული ტიპის დაქვეითებაც.აუდიომეტრიის საშუალებით შესაძლებელია გამოვლინდეს სმენის ცენტრალური დარღვევაც.

  • როგორ ტარდება აუდიომეტრია, როგორ მიმდინარეობს პროცესი?

კვლევა ტარდება ხმისგან იზოლირებულ ოთახში აუდიომეტრიული ხელსაწყოების გამოყენებით. აუდიომეტრიული კვლევა საკმაოდ მარტივია და არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას, მხოლოდ საჭიროა პაციენტის ყურადღება და კონცენტრირება კვლევის დროს. ეს პროცედურა სმენის სიმახვილის განსაზღვრის საშუალებას იძლევა ხმის სიგნალის სხვადასხვა სიხშირის პირობებში.

აუდიომეტრია უსაფრთხო, არაინვაზიური კვლევის მეთოდია.

  • შესაძლებელია თუ არა სმენის დაქვეითების თავიდან აცილება?

სმენის დაქვეითების სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს: ის შეიძლება გამოიწვიოს ყურისა და თავის ტრავმებმა, ინფექციურმა დაავადებებმა, ხმაურიანმა სამუშაო ატმოსფერომ, ასევე, გენეტიკურმა და სხვა ფაქტორებმა.

გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც სმენის დაქვეითება მკურნალობის მიუხედავად პროგრესირებს და მისი მართვა შეუძლებელია, თუმცა არსებობს სმენის დარღვევები, როდესაც დროულმა დიაგნოსტიკამ, მკურნალობამ და პრევენციამ მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები აჩვენა.

სმენის დაქვეითების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა პაციანტმა: არ მოუსმინოს მუსიკას, ტელევიზორს და რადიოს მაღალ ხმაზე; გამოიყენონ ყურის საცობი საშუალებები ხმაურიან გარემოში; დროულად მიმართონ ექიმს ყურის ინფექციების განვითარების შემთხვევაში და არ მიმართონ თვითმკურნალობას; აკონტროლონ არტერიული წნევა; შეწყვიტონ მოწევა; და ბოლოს, რაც მთავარია ჩაიტარონ რეგულარული სკრინინგი.