ახალციხე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორი სტუმრობს. თუმცა, ადგილობრივების შეფასებით, ქალაქში დღემდე პრობლემად რჩება საზოგადოებრივი საპირფარეშოების არასაკმარისი რაოდენობა და არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში დამატებითი საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა აუცილებელია. მათი თქმით, არსებული ობიექტების ნაწილი არ აკმაყოფილებს თანამედროვე სანიტარულ სტანდარტებს და დისკომფორტს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს.

ამჟამად ახალციხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საზოგადოებრივი საპირფარეშო ფუნქციონირებს, მათ შორის რაბათის დასახლებაში შესასვლელთან, რაბათის ციხის კომპლექსში, ქალაქის ცენტრსა და ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ახალციხის მერის, ვარლამ წიკლაურის განცხადებით, მუნიციპალიტეტი ქალაქის ცენტრში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს რეაბილიტაციას გეგმავს. მისი თქმით, შესაბამისი ტენდერი უახლოეს კვირებში გამოცხადდება.

საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საჭიროებაზე ტურისტული ნაკადების ზრდაც მიუთითებს. რაბათის ციხის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წელს ისტორიულ კომპლექსს დაახლოებით 140 000 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 130 000 იყო. ახალციხის მერის ინფორმაციით, მხოლოდ 2026 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში რაბათის ციხეს უკვე 30 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მზარდი ტურისტული ნაკადების ფონზე ქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწესრიგება და დამატებითი ობიექტების მოწყობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

წყარო: Tok2Region