„თუ თბილისში ზომიერად იზრდება ბინების ფასები, დაახლოებით, წლიურად 5-დან 10%-მდე, ბათუმში წელს იყო სრული ანომალია, რადგან წლის დასაწყისიდან დღემდე, 20%-ით გაიზარდა უძრავ ქონებაზე ფასები, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ უძრავი ქონების ექსპერტმა ლევან ლაბარტყავამ განუცხადა.
მისივე თქმით,დაახლოებით, 35%-ით გაზრდილია ტრანზაქციების რაოდენობაც.
„ეს განპირობებულია უცხოელი ინვესტორების მზარდი მოთხოვნებით. უცხოელები უფრო მეტად დაინტერესებულები არიან ზღვისპირა კურორტებით. მათ სურთ ინვესტირება ისეთ ბინებში, რომლებსაც დეველოპერები სრული რემონტით და ავეჯით აბარებენ, თბილისში კი, სამწუხაროდ, ასეთი პროექტები არ გაგვაჩნია. ამიტომ, უცხოელი ინვესტორი თავის თანხას უფრო მეტად ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე დებს“, - აღნიშნა ლევან ლაბარტყავამ.
რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს, Colliers Georgia-ს მიხედვით, ბოლო 1 თვეში, საუბარია ივლისის თვის მონაცემებზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბათუმში ბინების ტრანზაქციების რაოდენობა თითქმის 36%-ით გაიზარდა და 1,664 ერთეული შეადგინა. საანგარიშო პერიოდში 29%-ით გაიზარდა ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასიც და კვ.მ-ზე 1,369 დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორეულ ბაზარზე.
ფასებისა და ტრანზაქციების ზრდა დაფიქსირდა თბილისშიც. ასევე Colliers Georgia-ს კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ფართო ცენტრში თითქმის 21%-ით გაიზარდა, გარეუბნებში კი - 10.5%-ით. მიუხედავად გაზრდილი ფასებისა, უნდა ითქვას, რომ ეს გაყიდვებზე ნეგატიურად არ ასახულა და ტრანზაქციები საბოლოო ჯამში, თითქმის წინა წლის მაჩვენებლებზე ნარჩუნდება. უშუალოდ, ბოლო თვის მონაცემებით კი, რომელიც უკვე დათვლილი და გაანალიზებულია, საუბარია ივლისის თვეზე - დედაქალაქში ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,713 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივლისთან შედარებით, 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
დარგის სპეციალისტები ელიან, რომ ტრანზაქციები განსაკუთრებით მიმდინარე თვიდან გააქტიურდება, რადგან, როგორც წესი, შემოდგომა უძრავი ქონების ბაზრისთვის ყველაზე პროდუქტიულია.