თბილისში დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზისა და დეპოს მშენებლობის საერთაშორისო ტენდერში მონაწილე თურქულმა ერთობლივმა საწარმომ - YDA İnşaat Sanayi ve Ticaret A.Ş. – Gülermak Ağır Sanayi İnşaat ve Taahhüt A.Ş.-მა გამარჯვებულის გამოვლენა გაასაჩივრა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ტენდერის შედეგების გადახედვისკენ მოუწოდა. კომპანია ამტკიცებს, რომ გამარჯვებულად შერჩეული ერთობლივი საწარმო EYE (EmreRay Enerji İnşaat, Yüksel İnşaat და Erk İnşaat) სატენდერო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც მისი დისკვალიფიკაცია და კონტრაქტის YDA–Gülermak-ისთვის მინიჭება უნდა მოხდეს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჩივრიდან ხდება ცნობილი.
საჩივარი ეხება აზიის განვითარების ბანკის (ADB) წესებით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერს, რომლის გამარჯვებულად EYE 2026 წლის 15 ივლისს გამოცხადდა. თბილისის მერმა კახა კალაძემ მაშინ განაცხადა, რომ 287.6-მილიონიანი კონტრაქტი გამარჯვებულ კომპანიასთან 14-დღიანი გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ გაფორმდება.
საჩივარში YDA–Gülermak აღნიშნავს, რომ მისი წინადადება სრულად შეესაბამებოდა სატენდერო მოთხოვნებს და შეფასების შედეგად მეორე ყველაზე დაბალი შესაბამისი შეთავაზება იყო. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფასი 332.4 მილიონ ლარს შეადგენდა, გამარჯვებული EYE-ის შეთავაზება კი 287.7 მილიონი ლარია. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 416.6 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული.
ტენდერში სულ ოთხი პრეტენდენტი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე დაბალი ფასი EYE-მა წარადგინა - 287.7 მილიონი ლარი, YDA–Gülermak-ის შეთავაზება 332.4 მილიონი ლარი იყო, ჩინურმა Wuhan Municipal Construction Group-მა 397.5 მილიონი ლარი შესთავაზა, ხოლო Doğuş İnşaat-მა - 412.6 მილიონი ლარი.
საჩივრის მთავარი ნაწილი გამარჯვებული კონსორციუმის ტექნიკურ კვალიფიკაციას ეხება. YDA–Gülermak ამტკიცებს, რომ სატენდერო დოკუმენტაცია პრეტენდენტებისგან ახალი ტრამვაის დეპოს როგორც პროექტირების, ისე მშენებლობის გამოცდილებას მოითხოვდა, თუმცა მათი შეფასებით, EYE-ს მსგავსი გამოცდილება არ გააჩნია.
კომპანიის მტკიცებით, გამარჯვებულმა კონსორციუმმა თურქეთის ქალაქ ქოჯაელიში მხოლოდ უკვე არსებული ტრამვაის ხაზისა და დეპოს ინტერფეისული სამუშაოები შეასრულა, მაშინ როდესაც ქალაქში არსებული ერთადერთი ტრამვაის დეპოს პროექტირება და მშენებლობა Gülermak-მა განახორციელა. საჩივარს თან ერთვის ქოჯაელის მეტროპოლიტენის მუნიციპალიტეტის 2026 წლის 17 ივლისის ოფიციალური წერილი, რომელიც, YDA–Gülermak-ის განცხადებით, სწორედ ამ გარემოებას ადასტურებს. დოკუმენტი აპოსტილითაც არის დამოწმებული.
მომჩივანი ასევე ყურადღებას ამახვილებს გამარჯვებული კომპანიის საფასო შეთავაზებაზე. მისი შეფასებით, EYE-ის 287.7-მილიონიანი წინადადება დამკვეთის მიერ განსაზღვრულ სავარაუდო ღირებულებაზე დაახლოებით 31%-ით, ანუ თითქმის 129 მილიონი ლარით ნაკლებია, რის გამოც დამკვეთს უნდა დაედასტურებინა, ჩატარდა თუ არა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული „არანორმალურად დაბალი ფასის“ შეფასების პროცედურა.
საჩივარში საუბარია პროცედურულ დარღვევებზეც. YDA–Gülermak-ის განცხადებით, გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ შეტყობინებაში არ არის განმარტებული, რატომ არ შეირჩა მათი წინადადება, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ არის გამოქვეყნებული სატენდერო წესებით განსაზღვრული ტექნიკური და საკვალიფიკაციო დოკუმენტები, რაც, კომპანიის შეფასებით, გამჭვირვალობის პრინციპს ეწინააღმდეგება.
YDA–Gülermak თბილისის სატრანსპორტო კომპანიას სთხოვს, გადაამოწმოს გამარჯვებული კონსორციუმის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, გამოაქვეყნოს სატენდერო დოკუმენტაცია და საჩივრის სრულ განხილვამდე ხელშეკრულებას ხელი არ მოაწეროს. ამასთან, კომპანია მოითხოვს, რომ EYE დისკვალიფიცირდეს, თუ დადგინდება, რომ ის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, ხოლო კონტრაქტი YDA–Gülermak-ის ერთობლივ საწარმოს მიენიჭოს.
ცნობისთვის, დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის პროექტი 7.5-კილომეტრიანი ხაზისა და ტრამვაის დეპოს მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი Design-Build (DB) მოდელით განხორციელდება, რაც ერთ კონტრაქტორზე აერთიანებს როგორც პროექტირების, ისე მშენებლობის ვალდებულებას. პროექტის დასრულებისთვის 36-თვიანი ვადაა განსაზღვრული.