საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყანაში მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სპორტის ხელშეწყობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის შეფასებით, პროგრამამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და მასში აქტიურად ჩაერთო კერძო სექტორი.
„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ჩართულია სპორტის სამინისტრო, ასევე განათლების სამინისტრო იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამა შეიძლება შეეხოს სკოლებსაც და მათი სტადიონების რეაბილიტაციას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლისთვის როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“ - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.
მისივე განცხადებით, პროგრამის ფარგლებში ბევრი განაცხადი შევიდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში და მათ შორის, ერთ-ერთი პირველი არის ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს მიერ გადაცემულ მიწაზე დაიგეგმა ორი სტადიონის, ასევე პადელის მოედნების მშენებლობა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით.
„სასიხარულოა, რომ ძალიან აქტიურად ხდება კერძო სექტორის მიერ ინფორმაციის გამოთხოვა, ბევრი ინტერესი ფიქსირდება კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან სწრაფად, დედაქალაქი და ქვეყნის თითოეული ქალაქი, სოფელი თუ დაბა მიიღებს შესაბამის, ახალ სპორტულ ინფრასტრუქტურას, რაც, პირველ რიგში, თოთოეული მოქალაქისთვის, მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სახელმწიფოსგან 11 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით შპს „სპორტის აკადემია 2025“ -ს გადაეცა, რომელიც უეფას სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად მინიმუმ ორი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. გადაცემულ ქონებაზე დაგეგმილია ღია და დახურული სტადიონის, პადელის მოედნების, ავტოსადგომისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს