გასულ წელს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, სპორტის ახლანდელი მინისტრის შალვა გოგოლაძის კომპანია შპს „რაიმონდს“, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „სანატორიუმ ლიკანის“ 2 148 766 ჩვეულებრივი აქცია პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 16 283 293 ლარად საკუთრებაში გადასცა. შესაბამისი განკარგულება 18 ოქტომბრით თარიღდება, როცა გოგოლაძე ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილედ წარადგინა.
მიმდინარე წლის იანვრის ბოლომდე შალვა გოგოლაძე შპს „რაიმონდის“ წილის 50%-ს ფლობდა, წილის მმართველად კი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში მითითებული იყო მისი მეუღლე, თამარ ფირცხალავა.
31 იანვრიდან, შპს „რაიმონდსს“ მფლობელები შეეცვალა და 100%-იანი წილი შპს „იბერია აზც ორბის“ საკუთრებაში გადავიდა. თავის მხრივ აღნიშნული კომპანია სლოვაკურ ს.ს. „აზც“-ს (50%) და შპს „სლოვაკ ბიზნეს ჰაუს“-ს (50%) ეკუთვნის, დირექტორები კი რობერტ სპისაკი და სპორტის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი არიან. შპს „სლოვაკ ბიზნეს ჰაუს“-ის 70%-იანი წილი კი შპს „იბერია ინვესტ 2024“-ის მფლობელობაშია, რომელსაც სრულად სპორტის ყოფილი მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის ოჯახის წევრები (ეკატერინე ინასარიძე, დავით ხეჩიკაშვილი, გიორგი ხეჩიკაშვილი, თამარ ხეჩიკაშვილი, რუსუდან ხეჩიკაშვილი) ფლობენ.
რაც შეეხება საინვესტიციო ვალდებულებას, მთავრობის განკარგულების თანახმად, საპრივატიზებო თანხის გადახდა უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში ორ ნაწილად: 5 427 765 ლარი 12 თვის ვადაში, დარჩენილი 10 855 528 ლარი - 24 თვის ვადაში.
საპრივატიზებო პირობის თანახმად, 2030 წლის 31 დეკემბრამდე შპს „რაიმონდმა“ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით „სანატორიუმ ლიკანის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 64.23.01.093) ან მისი ნაწილის განვითარება უნდა უზრუნველყოს, რაც უნდა მოიცავდეს არანაკლებ 30 კოტეჯის (არანაკლებ 3000 კვ/მ ფართობის მქონე) მშენებლობას. ამასთან, შეიძლება მოიცავდეს ბორჯომში, სანატორიუმ ლიკანის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას და საპროექტო/სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებას. საკადასტრო მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი 288 301 კვ/მ-ს შეადგენს. ამ ვალდებულებების შესასრულებლად კი, „რაიმონდმა“ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 3 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
შესაბამისი განკარგულებით გათვალისწინებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ექვსი თვის ვადაში, აღნიშნული უძრავი ქონებიდან, არანაკლებ 10 280 კვ/მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა/ნაგებობის ყოველგვარ უფლებრივი ტვირთისგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
განკარგულების თანახმად, „რაიმონდმა“ ხელშეკრულების გაფორმებამდე სახელმწიფო ბიუჯეტს სასარგებლოდ 300 000 ლარი უნდა გადაიხადოს.