ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის მოსახლეობა უკვე წლებია სასმელი წყლის პრობლემებზე საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ბოლო 12 წლის განმავლობაში უკვე მილიონამდე ლარია დახარჯული, მოსახლეობას მაინც უწყლოდ უწევს ცხოვრება.
ადგილობრივების თქმით, ისინი ამინდზე არიან დამოკიდებულნი და რომ არა წყაროები, მათ უმეტესობას სასმელი წყლის ყიდვა მოუწევდათ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ყვიბისის სასმელი წყლის რეაბილიტაციისათვის საკმაოდ დიდი თანხებია დახარჯული, თუმცა გამრიცხველიანების პრობლემიდან გამომდინარე სასმელი წყლის საკითხი ჯერ კიდევ ვერ მოგვარდა.
"სასმელი წყლის საკითხი ზოგადად კიდევ ერთ დიდ გამოწვევად ხდება არა მარტო ყვიბისის თემში, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტის ფარგლებში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული შეხვედრა გვქონდა გაერთიანებული წყლის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან.
საკმაოდ დიდი თანხებია დახარჯული ყვიბისის სასმელი წყლის რეაბილიტაციისათვის. მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის სასმელი წყალი, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ნედლი წყალი მიეწოდება მოსახლეობას, რადგან გამრიცხველიანების პრობლემიდან გამომდინარე ეს საკითხი ჯერ ვერ მოგვარდა," - განაცხადა ბორჯომის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა.
წყარო: მთავარი არხი