მსოფლიო ბანკის შეფასებით, ე.წ. "შუა დერეფნის" ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მომდევნო 15 წელიწადში 28 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა საჭირო - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა "აზერბაიჯანის 1-ელ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე" განაცხადა, რომელიც ბაქოში გაიმართა.

„ამ თანხიდან 25 მილიარდი დოლარი საჭიროა სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის, 1.8 მილიარდი დოლარი კი პორტების გაფართოებისა და მოდერნიზაციისთვის. სწორედ ამ ადგილებში წარმოიქმნება შეფერხებები - ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობის გზაჯვარედინებზე: ზღვიდან რკინიგზამდე, რკინიგზიდან გზამდე“, - ციტირებს აზერბაიჯანული მედია პრაისის სიტყვებს.

რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ეს არის საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას.

„ვფიქრობ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ის არის, რომ ახლა ჩვენ მრავალ სხვადასხვა ქვეყანაში გვიწევს ნავიგაცია. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ვიპოვოთ დიგიტალიზაციის, პროცედურებისა და რეგულირების ჰარმონიზებული მიდგომები, რათა დერეფნის მომხმარებლებისთვის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა მაქსიმალურად შეუფერხებელი იყოს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩართულნი კორიდორის განვითარებასა და გაძლიერებაში“, - აცხადებს პრაისი.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი აღნიშნავს, რომ განვითარების ბანკებს უბრალოდ არ აქვთ საკმარისი სახსრები არსებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად. ამიტომ მათი გეგმაა პარტნიორობის გაფართოება და კერძო კაპიტალის მოზიდვა.

bm.ge